თვითმმართველობის რეფორმა

სესიაშვილი: საპატრიარქოსა და მთავრობას შორის თვითმმართველობაზე შეხვედრა შედგა

საპატრიარქო

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, თუმცა, დეპუტატი შეხვედრის მონაწილეთა ვინაობას არ ასაჯაროვებს.

"საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რა თქმა უნდა, შედგა. კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა, ვერ გეტყვით. შეხვედრა რომ შედგა, ბუნებრივია იმდენად, რამდენადაც, როდესაც საპატრიარქოდან განცხადება გაკეთდა თვითმმართველობის რეფორმაზე, მთავრობა ბუნებრივია ეცდებოდა შეხვედრას და მათთვის ახსნას, მათი თვლსაზრისით სად იყო პრობლემა, რა შენიშვნები ჰქონდათ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი საუბარი შედგა", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტაბულას. კითხვაზე, რამდენად მისაღებია საპატრიარქოს მოსაზრებები თვითმმართველობის რეფორმაზე ხელისუფლებისთვის, დეპუტატი პასუხობს:

"მე როგორც ვიცი, აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს ჩვენი და საპატრიარქოს პოზიციები, ასევე საზოგადოების შენიშვნები ერთმანეთს".

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, თვითმმართველობის რეფორმაზე სასაუბროდ პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდნენ.

პრემიერისა და პარლამენტის პრესსამსახურებში ტაბულას აღნიშნული შეხვედრის გამართვის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო. მან ხელისუფლებას მოუწოდა, არ აჩქარდეს. ილია მეორე მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაშინ იყო ძლიერი, როცა ხელისუფლება ძლიერდებოდა.

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისეფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში", - თქვა პატრიარქმა.

ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

კომენტარები