პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტი: შეუძლებელია, რომ მავთულხლართს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, თანამედროვე სამყაროში მავთულხლართებს სტრატეგიული მნიშვნელობა შეუძლებელია ჰქონდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ბერლინის კედელი შენდებოდა, ნათელი იყო, რომ ის დაინგრეოდა. პრეზიდენტის შეფასებით, ასევეა მავთულხლართი, რადგან ეს არის არა სტრატეგიული, არამედ ადამიანებს შორის აგებული მავთული.

"ჩემი ახსნით, ერთი მარტივი მიზეზია, რატომაც აგებენ მავთულხლართებს. იმიტომ რომ ის ინტერესი, რომელიც არსებობს ჩვენი თანამემამულეებისა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მავთულხლართებმა გააჩეროს. მავთულხლართს სტრატეგიული მნიშვნელობა შეუძლებელია ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში, მაგრამ მავთულხლართს აქვს ის მნიშვნელობა, რომ უფრო მეტი ინტერესი, რომელიც ჩნდება ჩვენი თანამემამულეების მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ის უნდათ, რომ გააჩერონ. რომ არ გადმოვიდეს ადამიანი, არ ივაჭროს, არ ჰქონდეს პიროვნული ურთიერთობები, საავადმყოფოში არ მივიდეს. ორმხრივი ურთიერთობები უკვე იმდენად ინტენსიურია, რომ მას გაჩერება სჭირდება, მავთულხლართი გარკვეულწილად, ამის ილუსტრაციაა. სხვა მიზეზს მართლა ვერ ვხედავ. ვერც ერთი სამხედრო ან თეორიტიკოსი მე ვერ ამიხსნის, რა როლი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში მავთულხლართს", - დასძინა მან.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ მიიღო რწმუნებულება, რომ "ევროპას ესმის ჩვენი პრობლემატიკა და მზად არის შეგვიქმნას რაც შეუძლება მეტი პლატფორმა, რათა ეს პრობლემები მშვიდობიანად და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს".

კომენტარები