პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტი: მსოფლიომ რუსეთის შეჩერება დიალოგის გზით უნდა მოახერხოს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ღელავს. ამის შესახებ მარგველაშვილმა სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მარგველაშვილის შეფასებით, მსოფლიომ რუსეთის შეჩერება დიალოგის გზით უნდა მოახერხოს.

"ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დაცულად, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გარკვეული საფუძველები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქართველო, რომელმაც 6 წლის წინ გამოსცადა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სასტიკი სვლა და ამ დრომდე გართულებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინის პრეცედენტის გამო ძალიან ფხიზლადაა. საქართველოს შემთხვევა საკმარისად არ იყო დაგმობილი, რომ ის 2014 წელს კვლავ არ განმეორებულიყო. იმ შეფასებებიდან და გათვლებიდან, რომელიც 2008 წელს გაკეთდა, ცხადია, რომ რუსეთისთვის გაკვეთილი არ იყო საკმარისად ცხადი და აშკარა, რომ მას იგივე 6 წლის შემდეგ აღარ გაემეორებინა. რუსეთი არ უნდა იყოს გაუცხოებული, ის ჩართულობით უნდა შეჩერდეს. ეს არ არის ადვილი ამოცანა. ჩვენი მცდელობა, ურთიერთობები დიალოგისკენ წავიყვანოთ, ჯერჯერობით არ არის ძალიან წარმატებული, მაგრამ გვჯერა, რომ მას აქვს პერსპექტივა. განსაკუთრებით, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან ჩართულები და მომხრეები ამ მოლაპარაკებების" - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები