ასოცირების შესახებ შეთანხმება

პრეზიდენტი: ასოცირების შეთანხმება ნიშნავს ქვეყნის მთლიანობის დაცვას

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არის საქართველოს მოქალაქეების უფლებების და ქვეყნის მთლიანობის დაცვა. როგორც მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ეს დოკუმენტი საქართველოს ძალიან ბევრ რამეს მოუტანს.

"მათ შორის, გახსნის ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობებს, თუნდაც ჯერ სავიზო რეჟიმის გაადვილების, შემდეგ კი საერთოდ მოხსნის კუთხით, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ეს ბევრ რამეს ნიშნავს თითოეული ოჯახისთვის, რომელთა წევრები ქვეყანაში არსებული სირთულეების გამო, უცხოეთში მიდიან და წლობით ვეღარ ჩამოდიან საქართველოში. რამდენს ნიშნავს, როდესაც საქართველოს მოქალაქე წავა ევროპაში და დაბრუნდება ბევრად უფრო იოლად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე?", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმითვე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხითაც, რადგან ეს ნიშნავს ბევრად მეტი ინვესტიციის მოზიდვას, საქართველოს ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკის მოდერნიზებას და მეტ ჩართულობას ევროპულ ბაზარში.

"ევროპული ბაზარი არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში. ეს ბაზარი იხსნება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია იწარმოება საქართველოში, ეს ძალიან დიდ ინტერესს ქმნის. ეს არის ჩვენი წარმოების მოდერნიზება, რადგან ევროპელები ამაში ჩვენ დაგვეხმარებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ამ დოკუმენტის გაფორმება ნიშნავს ბევრად უფრო სტაბილურ და დემოკრატიულ საზოგადოებას.

ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. 

კომენტარები