კერისა და ფანჯიკიძის შეხვედრა

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და საქართველოს წარმომადგენელი NATO-ში ლევან დოლიძე, ხოლო ამერიკული მხრიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, აშშ-ს ელჩი NATO-ში დუგლას ლიუტი და აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, ასევე საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

„ამერიკულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი, ამუშავდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რაც ახალ იმპულსს მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც სავაჭრო დიალოგს. ვისაუბრეთ იმ შესაძლო წნეხზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს რუსეთის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე და საერთოდ მომავალ წელზე, რომელიც არის ძალიან დატვირთული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით", - თქვა ფანჯიკიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. „ვისაუბრეთ ჩვენს მოლოდინებზე, რადგან ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი რასაკვირველია ძალაშია, გარდა ამისა, ჩიკაგოს სამიტზე ითქვა, რომ საქართველოს წინ ჰქონდა ორი სერიოზული არჩევნები ჩასატარებელი, რაც იქნებოდა დემოკრატიის ტესტი. მე ხშირად ვამბობ, რომ იმედი მაქვს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო დემოკრატიის ბოლო ტესტი, რომლის ჩაბარებაც საქართველოს მოუწია. ეს იყო უპრეცედენტოდ თავისუფალი, ნამდვილი ევროპული სტანდარტის არჩევნები. მე ხაზი გავუსვი ჩვენს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არის გატარებული რეფორმები. ეს არის სწორედ ასოცირების პარაფირება, რაც არის შედეგი გატარებული რეფორმების და იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორად მართავს თავის პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვი ვარაუდი, იმედი და სურვილი, რომ 2014 წლის ნატოს სამიტი საქართველოსთვის კონკრეტულ შედეგს მოიტანს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. "აღინიშნა საქართველოს მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯები ამ მიმართულებით და რუსეთის მხარის არაადეკვატური პასუხი, რაც გამოიხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების პროცესით, რამაც შეიძლება ძალიან სერიოზულად შეუშალოს ხელი ნდობის აღდგენას ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხს შორის".

კომენტარები