სოფელ ხევთან მოცურებულმა ტრაილერმა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეაფერხა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა რუსუდან ხუბულავამ ტაბულას უთხრა, მისაბმელიანი ტრაილერი სოფელ ხევთან, მრუდმოსახვევიან მონაკვეთზე მოცურდა და გზა ჰორიზონტალურად ჩახერგა. მოცურებულ ავტოტრანსპორტს უკან ასევე ტრაილერების ავტოკოლონა მოჰყვებოდა, რომლებიც ადგილზე გაჩერდნენ.
"თავად ტერიტორია არის მრუდმოსახვევიანი ანუ ვიწრო ტრაექტორიის და ამდენი ტრასპორტი თავისთავად კეტავს გზას, მაგრამ მთავარი პრობლემა ჰორიზონტალურად გაწოლილი ტრაილერია. ამას მოყვა ის, რომ გაიზარდა საცობის მანძილი და მოცულობა, რადგან მანქანები სწრაფად ემატება. ასევე, ყველა ცდილობს წინ წასვლას და ოთხ-ხუთ წყებად დგანან მანქანები. ეს მოცულობითი საცობი ხელს უშლის მაშველი ტექნიკის შესვლას, რომ მონაკვეთი მოცურებული ტრაილერისგან გაათავისუფლონ" - უთხრა ხუბულავამ ტაბულას.
მისივე თქმით, ადგილზე მუშაობენ საგზაო სამსახურები და საპატრულო პოლიცია.
"ამ დროის მიღწევა არის ის, რომ საცობიდან მანქანები უკვე გაჰყავთ. ცდილობენ საცობის შეთხელებას, რომ ტერიტორიდან მოცურებული ავტოტრანსპორტი გაიყვანონ" - თქვა ხუბულავამ და აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. ქარის და დაბალი ხილვადობის გამო, საგზაო სამსახურებს უწევთ გზის ინტენსიურად გაწმენდა და მარილის დაყრა.





