ანგოლაგეიტი

ივანიშვილის ყოფილი პარტნიორი შვეიცარიაში პატიმრობაში რჩება

fr.wikipedia.org

რუსული წარმომავლობის ისრაელელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი შვეიცარიის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ჟენევის ტრიბუნალმა 2 დეკემბერს უარი თქვა შუამდგომლობაზე გაიდამაკის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ამის თაობაზე რუსული სააგენტო ИТАР-ТАСС პროკურორზე დაყრდნობით იუწყება. ბიზნესმენი ჟენევის შამპ-დოლონის ციხეში რჩება.

არკადი გაიდამაკი 22 ნოემბერს ციურიხში დააკავეს, სადაც ის საარბიტრაჟო დავაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მისი დაკავების მიზეზი ფეხბურთის მწვრთნელის ლუის ფერნანდესის საჩივარი გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ გაიდამაკმა მას კუთვნილი თანხა - 400 ათასი ევრო, არ გადაუხადა.

გარდა ამისა, გაიდამაკს საფრანგეთში დაუსწრებლად სასჯელი ე.წ. ანგოლაგეიტის საქმესთან დაკავშირებთ აქვს შეფარდებული. საქმე 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა. გაიდამაკთან ერთად ამ საქმეში ფრანგი ბიზნესმენი პიერ ფალკონე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა. არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

2000 წელს არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილის ბანკის - როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი.

2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე ანგოლაგეიტის საქმის შესახებ, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ "ამ კომპანიის შესახებ" არაფერი სმენია.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიხედვით, გაიდამაკი და ფალკონე ასევე რუსეთის წინაშე ანგოლის ვალების ჩამოწერის კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი ვიტალი მალკინიც ფიგურირებს.

კომენტარები