დავით საგანელიძე

საგანელიძე: მინდა დავარწმუნო გულშემატკივარი, რომ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას განცხადება არ გაუკეთებია და არც მსგავსი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

"მინდა გამოვეხმაურო დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია და არც მსგავსი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული ჯერჯერობით. მე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ლიდერებთან ერთ-ერთ არაოფიციალურ შეხვედრაზე განვაცხადე, რომ შესაძლებელია, ვიფიქრო პარლამენტიდან წასვლაზე და ბიზნესის სფეროში დაბრუნებაზე, თუმცა, რაიმე კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა და არ არის გამორიცხული, ეს მოხდეს საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია.

მოგეხსენებათ, 15 წელია რაც პოლიტიკაში ვარ და ბოლო წლის გარდა სულ ოპოზიციაში ვიყავი, ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ქვეყანა გამოსულიყო იმ მძიმე მდგომარეობიდან, საითკენაც წინა ძალადობრივი ხელისუფლებები მიაქანებდათ. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე იმ დიდ გამარჯვებაში, რასაც ქართველმა ხალხმა ერთი წლის წინ მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო, როგორც პოლიტიკაში, ასევე საქმიანობის სხვა სფეროებში.

მინდა, დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი და გულშემატკივარი, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, პირველ რიგში აუცილებლად შევათანხმებ საკუთარ გუნდთან და ჩემი კოლეგები ამას მედიის საშუალებით არ გაიგებენ. თუ პოლიტიკიდან რომელიმე სფეროში გადავინაცვლებ ეს იქნება ჩემი მხრიდან კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება და მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც უფრო მეტად გამოვადგები ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და ოჯახს", - აღნიშნავს საგანელიძე.

კომენტარები