უკრაინაში მიმდინარე პროცესები

რადას ვიცესპიკერი უკრაინის მოვლენების გამო საქართველოში ვიზიტს წყვეტს

ipress.ua

უკრაინის რადას ვიცესპიკერი რუსლან კოშულინსკი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში ვიზიტს წყვეტს. რუსლან კოშულინსკი თბილისში სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას უნდა დასწრებოდა, მაგრამ კონფერენციის მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისიდან გაემგზავრა. კოშულინსკის თქმით, სამშობლოში, შესაძლოა, საქართველოში უკრაინის ელჩიც დაბრუნდეს.

"დღეს შევწყვეტ ვიზიტს და გავემგზავრები უკრაინაში. ჩემი გადაწყვეტილება უკვე გავაცანი საქართველოში ჩემს კოლეგებს. კიევში არსებული სიტუაცია ძალიან სახიფათოა. მთავრობამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ამ პროცესებმა შესაძლოა უკრაინა პოლიტიკურ კრიზისამდეც მიიყვანოს. არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც, რასაც შესაძლოა მთავრობის შეცვლაც მოჰყვეს", - თქვა რადას ვიცესპიკერმა, პარტია Svoboda-ს წარმომადგენელმა, კოშულინკსიმ.

თბილისში სუამის საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სხდომა ტარდება. მასში უკრაინის, აზერბაიჯანსა და მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციები, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობენ. მხარეები კონფლიქტის რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ასამბლეის სხდომაზე ევროინტეგრაციასა და ევროპასთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც იმსჯელებენ. სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ხვალ შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.

კომენტარები