უკრაინა

უკრაინის დაცემა

უკრაინის ხელისუფლების უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ქვეყნის საზოგადოებისათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე გახდა ცნობილი, სადაც ამ დოკუმენტისთვის ხელი უმდა მოეწერათ.

21 ნოემბერს ჯერ უმაღლესმა რადამ, მმართველი პარტიის ინიციატივით, უკვე მესამედ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას მისცემდა. ეს ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად ევროკავშირის მთავარი პირობა იყო, რისთვისაც ევროპელი ლიდერები კიევთან დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ტიმოშენკოს პატიმრობას ერთადერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მისი გათავისუფლებაც ისევე რეალური იყო, როგორც აპრილში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოსი, რომელიც იანუკოვიჩმა ევროპელების ზეწოლის შედეგად შეიწყალა.

მაგრამ, იმავე დღეს, მთავრობის წერილობითი განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა. მთავრობამ პრიორიტეტად რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა დაასახელა. კიევმა მოსკოვსა და ბრიუსელს უკრაინის ევროინტეგრაციის შესახებ „სამმხრივი მოლაპარაკებების" ფორმატი შესთავაზა.

განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე გააკეთა, სანამ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება გამოქვეყნდებოდა.
საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი იანუკოვიჩი ღალატში დაადანაშაულა.

The meeting of Vladimir Putin and Viktor Yanukovych at the economic council of the Eurasian Union, Minsk 2013.
უკრაინის პრემიერმინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა კი განმარტა, რომ ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება „ტაქტიკური გადაწყვეტილებაა", რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით არის ნაკარნახევი და ევროინტეგრაციაზე საბოლოო უარს არ ნიშნავს. მან გამოთქვა მზადყოფნა, დატოვოს თანამდებობა, თუ მისი არგუმენტები ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აღმოჩნდება.

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ბოლო პერიოდში ტიმოშენკოს გათავისუფლებისა და ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის საკითხის მოგვარებაზე იყო კონცენტრირებული, მთავრობის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ფრაქცია ბატკივშჩინას ლიდერმა არსენი იაცენიუკმა ვიქტორ იანუკოვიჩის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ციხეში მყოფმა იულია ტიმოშენკომ პრეზიდენტს მოუწოდა, სასწრაფოდ შეცვალოს გადაწყვეტილება და შეთანხმებას ხელი მოაწეროს. მან ისიც განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მიმართავს ევროპელ ლიდერებს თხოვნით, შეთანხმებას ხელი მისი გათავისუფლების გარეშეც მოაწერონ.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება იწვევს „იმედგაცრუებას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა განაცხადა. მისი თქმით, კიევთან უპრეცედენტო შეთანხმების ხელმოწერა სიგნალი გახდებოდა ინვესტორებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ უკრაინა მოდერნიზაციას სერიოზულად ეკიდება და საერთაშორისო ბაზრების საიმედო მონაწილე ხდება. ასევე, „იმედგაცრუების" შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, უკრაინის მთავრობა მოულოდნელად კრემლისაკენ გადაიხარა და „ფაქტია, რუსეთის მკაცრმა ზეწოლამ იმუშავა".
ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლინას ლინკიავიჩუსმა კი აღნიშნა, რომ ბრიუსელი არ მიიღებს წინადადებას უკრაინასთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებებში მესამე მხარის – რუსეთის, მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტის მრჩეველმა იოვიტა ნელიუპშენემ კი განაცხადა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაზე უკრაინის უარის მიზეზი რუსეთის მხრიდან შანტაჟი გახდა, რის შესახებაც პრეზიდენტი იანუკოვიჩი თავის ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

მაგრამ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზეწოლასა და შანტაჟში ევროკავშირი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს მასობრივი აქციებით ემუქრებიდა.

საპროტესტო აქციებზე უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები მართლაც გამოვიდნენ – მაიდანზე შეკრება დამონსტრანტებმა უკვე 21 ნოემბრის საღამოდან დაიწყეს. 24 ნოემბერს კი ქუჩაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, რაც 2400 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასობრივი გამოსვლა გამოდგა.

მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევები კიდევ უფრო გაართულა. სააგენტო Fitch Ratings-ის სპეციალისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყნის გადახდისუნარიაობა ვეღარ გაუმჯობესდება. სააგენტომ ნოემბერში უკრაინის სუვერენული რეიტინგი B-დან B-მინუსამდე, ნეგატიური პროგნოზით შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ახალი კრედიტების აღება გაუჭირდება. ექსპერტების აზრით კი, უკრაინას გარეშე ფინანსური დახმარება აუცილებლად სჭირდება.

როგორც უკრაინული ინტერნეტგამოცემა Украинская правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სწორედ ფინანსური საკითხები იყო ბრიუსელთან იანუკოვიჩის მოლაპარაკებების მთავარი თემა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინას 610 მილიონი ევრო უნდა მიეღო, წლის ბოლომდე კი მაკროფინანსური დახმარების სახით – 2 მილიარდი და მომავალ წელს 3 მილიარდი ევრო. გარდა ამისა, კიევს ჰქონდა ვაშინგტონის დახმარების იმედი საერთაშორისო სავალურო ფონდის 15-მილიარდიანი კრედიტის მისაღებად. წყაროების ცნობით, იანუკოვიჩი ამ საკითხების მოგვარებას ვილნიუსის სამიტამდე ითხოვდა. თან ბრიუსელს დელიკატურად შეახსენებდა, რომ რუსეთის საპასუხო სანქციების შედეგად უკრაინა ბევრად მეტს – 160 მილიარდ დოლარამდე, დაკარგავს. პრემიერმა აზაროვმა კი რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირისგან კიევმა ზარალის ანაზღაურების პირობა ვერ მიიღო.

აზაროვის საპასუხოდ ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინისთვის დახმარება უნდა გაზრდილიყო.
იმ მომენტში, როდესაც უკრაინის მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, არაფერი იყო ცნობილი 9 ნოემბერს იანუკოვიჩისა და პუტინის შეხვედრის შედეგებისა და მიღწეული შეთანხმების შესახებ. თუმცა, ოპოზიციონერი არსენი იაცენიუკი ამტკიცებდა, რომ მოსკოვი უკრაინის ლიდერს 20 მილიარდ დოლარს შეჰპირდა. მისი აზრით, ამ თანხის ნაწილს დაიტაცებენ, ნაწილი კი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს მოხმარდება. უკრაინული მედია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინას ახალი, შეღავათიანი გაზის კონტრაქტი გაუფორმოს.

უკრაინელი ექსპერტების ვარაუდით, პუტინი იანუკოვიჩისგან აღარ ითხოვს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას – მას მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირებაზე უარი უნდა ეთქვა.

თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, პუტინმა ადვილად თქვას უარი უკრანის საბაჟო და ევრაზიულ კავშირში „შეთრევის" გეგმებზე, რასაც წლების განმავლობაში გაზის ფასებით მანიპულირებითა და სავაჭრო ომებით ცდილობდა. განსაკუთრებით კრემლი ამ მხრივ უშუალოდ ვილნიუსის სამიტის წინ გააქტიურდა. სექტემბერში რუსეთმა მიაღწია კიდეც იმას, რომ სომხეთი საბაჟო კავშირის წევრობაზე დაითანხმა, რამაც ავტომატურად ევროკავშირთან ასოცირებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვია.

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 2010 წელს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა – მათ შორის, უარი თქვა NATO-ში ინტეგრაციის გეგმებზე და რუსულ სამხედრო ფლოტს ქვეყანაში ყოფნა დამატებით 25 წლით გაუხანგრძლივა. თუმცა სანაცვლოდ მოსკოვისგან არა შეღავათები, არამედ ახალი მოთხოვნები მიიღო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მოსკოვი ბოლომდე არც ასოცირების შეთანხმების ჩაშლამ დააკმაყოფილოს.

იულია ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტისადმი თავის მიმართვაში იანუკოვიჩი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული სამყარო ქვეყანას ზურგს შეაქცევს და უკრაინა რუსეთთან პირისპირ დარჩება, კრემლი კიევისგან, დახმარების სანაცვლოდ, ეროვნული ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებებს მოითხოვს – რაც ერთნაირად „მომაკვდინებელი" იქნება როგორც უკრაინის სახელმწიფოსთვის, ასევე თავად იანუკოვიჩის რეჟიმისათვის.

ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსი პოლიტოლოგის კონსტანტინ ზატულინის განცხადებაც ადასტურებს – იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს, თუ ეს ქვეყანა. „გარანტიის სახით", საბაჟო კავშირში გაწევრიანდება.

რაც შეეხება უკრაინის მომავალს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, ბრიუსელი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კარი კვლავ ღიაა. შტეფან ფულემ აღნიშნა, რომ შეთანხმების ხლმოწერის შემდეგი შესაძლებლობა 2014 ზამთარში ან გაზაფხულზე, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე გაჩნდება.

სავარაუდოდ, ასეთივე შესაძლებლობა მიეცემა კიევს მომავალი წლის შემოდგომაზე, როდესაც დოკუმენტს ხელს საქართველო და მოლდოვა მოაწერენ.

თუმცა, Украинская правда-ს წყაროები ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა დიდი ხნით გადაიდო. შესაძლოა, იანუკოვიჩმა „აღმოსავლეთ ევროპის ბედი 20-25 წლით გადაწყვიტა".

თუმცა, უკრაინაში არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმების ხელმოწერას აპირებს და მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ბრიუსელთან ვაჭრობას ემსახურებოდა. როგორც რუსულ ნეზავისიმაია გაზეტას უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ზასტავამ უთხრა, ეს, მისი აზრით, ევროკავშირზე ზეწოლის ბოლო მცდელობა იყო, რათა ბრიუსელისგან ფინანსური დახმარების გაზრდისთვის მიეღწია და ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოეხსნა.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვიტალი პორტნიკოვი კი ფიქრობს, რომ იანუკოვიჩი პუტინს შეთანხმების ჩაშლაზე წინასწარ მოელაპარაკა და მას „ნერვებმა უმტყუნა" – შეეძლო, ვილნიუსის სამიტს დალოდებოდა, ხელმოწერა ტიმოშენკოს გათავისუფლებაზე უარით ჩაეშალა და ეს ევროკავშირისთვის დაებრალებინა. მაგრამ, შეეშინდა, რომ ევროპელები შეთანხმებაზე ხელს მაინც მოაწერდნენ. „ახლა კი გამოდის, რომ იანუკოვიჩმა უარი თქვა საკუთარ პოლიტიკურ კურსზე და უკრაინელებს წაართვა ოცნება, რომელსაც თვითონ საჯაროდ უჭერდა მხარს", – აღნიშნავს პორტნიკოვი. თანაც, აღიარა რა, რომ რუსულ შანტაჟს დაემორჩილა, პრეზიდენტი ამომრჩეველს ვერც შენტაჟისტ მეზობელთან მეგობრობას სთავაზობს და პრიორიტეტად კვლავ ევროინტეგრაციას ასახელებს.

ეს 2015 წლის არჩევნებზე აისახება, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩისთვის, სავარაუდოდ, რთული იქნება.

უკრაინაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ჩაშლის თაობაზე იანუკოვიჩის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედებს – ბოლო წლების განმავლობაში ის და მისი პარტია თავს ევროინტეგრაციის მხურვალე მხარდამჭერებად ასაღებდნენ, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა.

ხელისუფლების მოულოდნელი უარი ევროპულ გზაზე კი, ოპოზიციას გააძლიერებს და მის გარშემო პროევროპული ელექტორატის კონსოლიდაციას გამოიწვევს. მეორე მხრივ, დასავლეთისთვის ზურგის შექცევა და მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერა იანუკოვიჩს ხელ-ფეხს გაუხსნის როგორც არჩევნების გასაყალბებლად, ასევე მართლმსაჯულებაზე და მედიაზე კონტროლის გასაძლიერებლად.

გამოცემა Economist-ი წერს, რომ ამ არჩევნებზე იანუკოვიჩმა ან რეპრესიებს და ფალსიფიკაციებს უნდა მიმართოს, ან ამომრჩეველი მოისყიდოს დიდი ფულით, რომელიც მას ამჟამად არ გააჩნია.

რუსი მიმომხილველი იულია ლატინინა მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩი „იმეგობრებს მასთან, ვინც არჩევნების მოგებაში დაეხმარება. რუსეთს კი უფრო მეტის გაფუჭება შეუძლია, ვიდრე ევროკავშირს".

ამავე დროს, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პუტინს პერსონალურად იანუკოვიჩის გამარჯვება არჩევნებზე დიდად არ ადარდებს. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში უკრაინაში საბაჟო კავშირის მომხრე პოლიტიკოსები გააქტიურდნენ – ბიზნესმენი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ევროპასთან ასოცირების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგა სათავეში და კომუნისტთა ლიდერი პიოტრ სიმონენკო, რომელიც საბაჟო კავშირში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ინიციატივით გამოვიდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატიდან ყველაზე დიდი სახელმწიფოს, უკრაინის „ამოვარდნა" თავად პარტნიორობის მასშტაბებს ცვლის. ეს კი შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირების დარჩენილი ორ კანდიდატის – საქართველოსა და მოლდოვის – მიმართ, ევროპის ყურადღებაზე და ინტერესზე უარყოფითად აისახოს. ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდში ევროპამ გამოავლინა პოლიტიკური ნება რუსეთის მეზობელი ქვეყნების კრემლის ზეწოლისგან დასაცავად. თუმცა, უკრაინის შემთხვევაში, ჯერჯერობით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

23 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის პრობლემის გადაწყვეტას პუტინთან მოლაპარაკებით გეგმავს, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესი „კონფრონტაციის გარეშე" წარიმართოს. ამგვარი მოლაპარაკებების ყველაზე ცუდი სცენარი მეზობლების ევროინტეგრაციის კურსზე პუტინის მიერ არაფორმალური ვეტოს უფლების მოპოვება იქნებოდა.

 

კომენტარები