ევროპის სახალხო პარტიის ფორუმი

EPP-ის ფორუმზე შერჩევით სამართალსა და უკრაინის საკითხზე იმსჯელეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვილნიუსში ევროპის სახალხო პარტიის ფორუმს დაესწრნენ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრის ძირითადი ნაწილი უკრაინის თემას დაეთმო. საუბარი შერჩევით სამართალსაც შეეხო. შეხვედრას 6 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი დაესწრო. 

"ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ შერჩევით სამართალზე. პირველ რიგში, უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც არსებობს ყოფილი პრემიერის ძალიან სერიოზული პრობლემა. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა თქვა, რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს უნივერსალური - ყველა სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართელომ უნდა გამორიცხოს ნებისმიერი რისკი, რომ ქვეყანაში იქნება შერჩევითი სამართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, სეროზულად დააბრკოლებს ხელმოწერის პროცესში, ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან და, პირველ რიგში, მთავრობასთან ერთად, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა წავიდეს წინ", - განაცხადა ბაქრაძემ. 

"ჩვენ გაქვს იმედი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ, საქართველო და მისი მეგობარი ქვეყნები გადალახავენ ბარიერს და რამდენიმე თვეში გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და მთლიანად ამ სივრცის თავის ბუნებრივ წიაღში, თავისუფალი ერების ოჯახში, ევროპაში დაბრუნების მიმართულებით. პირველი პრობლემა არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც არ სურს ამ სივრცის გაშვება საკუთარი კონტროლიდან. სამწუხაროდ, ეს ვნახეთ ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მაგალითზე", - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ. 

ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნირიობის ყველა ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

"რა თქმა უნდა, ყველაზე რთული თემა უკრაინა იყო. ასევე განვიხილეთ თავად სამიტი და სხვადასხვა სცენარი. ვისაუბრეთ რუსეთის ფაქტორსა და მის ზეწოლაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ასევე შევეხეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებას მომავალში საქართველოსთან და მოლდოვასთან. ევროპარლამენტის ბოლო დასკვნაში წერია, რომ საქართველომ გარკვეული პრობლემები უნდა მოაგვაროს, მათ შორის, შერჩევითი სამართალი, რომელიც ზოგად სურათში უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე უკრაინაში. მერაბიშვილის საქმე ამის მაგალითია. ასეთი სახის დარღვევები ვერ მოგვცემს პრობლემების მოგვარების საშუალებას. ვიდრე პრობლემები არ მოგვარდება, ევროკავშირი ვერ დაუშვებს ორმაგ სტანდარტებს. საჭიროა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები