ჭელას მინარეთი

ომბუდსმენი: მინარეთი ჭელაში კანონის დაცვით დააბრუნეს

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მინარეთი სოფელ ჭელაში კანონის დაცვით და კანონის პრინციპების გათვალისწინებით დააბრუნეს. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ომბუდსმენის აპარატი ჭელაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს იცავს.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთზე მინარეთი 27 ნოემბერს გვიან ღამით აღმართეს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები მეჩეთების აშენების აკრძალვის კანონით დარეგულირებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ჭელაში მინარეთის მონტაჟს გუშინ მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ზარზმელი მონაზვნები, მათი წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, დეკანოზი დავით ისაკაძე და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. სოფელში ათობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

ჭელას მეჩეთზე მინარეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა კონსტრუქციის აწონვის მიზნით მოჭრა. დემონტაჟის პროცესში ვერტმფრენი, 40 ჯიპი და 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.

ჭელაში მინარეთის მეჩეთზე დაბრუნების მოთხოვნით, აქციები ბათუმსა და ახალციხეში გაიმართა.

მოგვიანებით საპატრიარქოში, მუსლიმთა სულიერი ლიდერებისა და კათალიკოსის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მინარეთს ჭელაში დააბრუნებდნენ და დაასაწყობებდნენ.

კომენტარები