უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

იანუკოვიჩი: ევროპულ უკრაინაზე ოცნებას ჩვენ ვერავინ მოგვპარავს

Ukraine's President Viktor Yanukovich attends a signing ceremony with his Kazakh counterpart Nursultan Nazarbayev in Kiev
Gleb Garanich / REUTERS

ევროპული სტანდარტების საზოგადოების მშენებლობას უკრაინისთვის ალტერნატივა არ აქვს, - წერს ვიქტორ იანუკოვიჩი თავის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში სატელევიზიო ინტერვიუ ექნება, სადაც ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხებს.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სტანდარტების საზოგადოების მშენებლობას უკრაინისთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩემი პოლიტიკაც ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და დარჩება თანმიმდევრული. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ადასტურებს იმას, რომ ევროპული გზით მივდივართ. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის თავისუფლება და სოციალური დაცვა ყველას უმაღლესი ფასეულობაა, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინის რომელი რეგიონის მცხოვრებია იგი. ჩვენ ვერავინ მოგვპარავს თანაბარი შესაძლებლობების უკრაინის, ევროპული უკრაინის ოცნებას. ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ამ ოცნებამდე მივყავართ. ჩვენ ამ გზაზე უამრავი წინაღობა გადავლახეთ და კიდევ ბევრი წინ გველოდება. ეკონომიკური პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება უდიდესი დაბრკოლება ამ გზაზე", - ნათქვამია იანუკოვიჩის განცხადებაში. 

პრეზიდენტის განცხადებით, ის ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინელმა ხალხმა არ დაკარგოს სამსახური, მიიღოს ხელფასი, პენსია და დაფინანსება, ეს ყველაფერი კი რთული გადაწყვეტილებების შედეგად ხდება. იანუკოვიჩი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის არასოდეს უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავა და ყველაფერს უკრაინის საკეთილდღეოდ აკეთებს:

"არასოდეს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც უკრაინელ ხალხს ზიანს მიაყენებს. უკრაინელი ხალხის ნება იყო და იქნება გადამწყვეტი ჩემს ყველა გადაწყვეტილებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ, რადგან არ არსებობს არცერთი წინაღობა".

უკრაინაში აქცია ევრომაიდანი მიმდინარეობს. ათასობით უკრაინელი კიევის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. აქციის მონაწილეები უკრაინის რადასგან გადაწყვეტილების შეცვლასა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.

კომენტარები