უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა

მერკელი: ევროკავშირის შეთავაზება უკრაინისთვის ძალაში რჩება

dw.de

ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის შეთავაზება უკრაინისთვის ძალაში რჩება. ამის შესახებ მერკელმა გერმანიის კანცლერად მესამე ვადით დამტკიცების შემდეგ ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას თქვა.

"მე ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ შეთავაზება ძალაში რჩება. ჩვენ უკრაინისგან ვითხოვთ იმავეს, რასაც სხვა ქვეყნებისგან - დემონსტრაციების გამართვის უფლებებისა და დემოკრატიის ძირეული პრინციპების დაცვას. ჩვენ მტკიცენი ვართ ამ მოთხოვნაში", - ამბობს ანგელა მერკელი.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი კი, დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით უკრაინაზე ზეწოლა გრძელდება.

"მოსკოვში გუშინ მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, გაკვირვებას იწვევს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობები. კიევისგან ითხოვენ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას ევროპის სასარგებლოდ. თავად ეს ფრაზა, ეს მოწოდება წინააღმდეგობრივია. სუვერენულ ქვეყანას არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სიტუაციას და ეროვნული ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპაში გამყოფი ხაზების გავლებასა და ევროპელი ერებისთვის „ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ“ არჩევანის თავს მოხვევას", - აცხადებს ლავროვი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ვლადიმირ პუტინსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გამართული შეხვედრა უკრაინისთვის რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან 15 მლრდ დოლარის გამოყოფითა და გაზის ფასის შემცირებით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 400 აშშ დოლარიდან 268 დოლარამდე შემცირდა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინას რაიმე პირობის შესრულებას არ ავალდებულებს.
უკრაინული ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსკოვთან გარიგებით პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყნის ინტერესები აზარალა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები გარიგების ყველა დეტალის გასაჯაროებას მოითხოვენ. ვიტალი კლიჩკომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.

კომენტარები