ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ბაქრაძე: თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით გამოვავლენთ

ხათუნა ხუციშვილი

დავით ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით გამოავლენს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებით პარტიის ნებისმიერ წევრს შეეძლება საკუთარი თავი მერობის კანდიდატად დაასახელოს.

"პარტიაში ყველამ შეიძლება საკუთარი თავი დაასახელოს მერობის კანდიდატად. მე არც ერთი კანდიდატურის დასახელებას არ ვაპირებ. ეს იქნება ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პროცესი. თვითმმართველობის არჩევნები ჯერ ძალიან შორს არის, ამიტომ მერობის კანდიდატურების დასახელებას არ ვჩქარობთ" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარტიის ნებისმიერ წევრს საშუალება ექნება, ამა თუ იმ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. შემდეგ ამ კანდიდატებზე მთლიანი გუნდი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი თქმით ყველა ადამიანის აზრი გათვალისწინებული იქნება. ბაქრაძის განცხადებით ნაციონალური მოძრაობა მმართველობის ახალ, უფრო გახსნილ და გამჭვირვალე ეტაპზე გადადის.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის შემცვლელზე მსჯელობა არ იქნება და პარტიის გენერალური მდივანად კვლავაც მერაბიშვილი დარჩება.

"ამ ადამიანის გადარჩევა არ მოხდება. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს. არ ვაპირებთ კონკურენციას იმ ადამიანთან, რომელიც ამდენი ხანია პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფება. პარტიის გენერალურ მდივნად დარჩება ვანო მერაბიშვილი" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში გაიმართება. 

კომენტარები