უკრაინა

კიევში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

bbc.co.uk

კიევში საპროტესტო აქცია გრძელდება. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ.

საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

პარალელურად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხელისუფლების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს. მონაწილეთა რიცხვი 10 000-ს აღწევს.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

"განკარგულება მიღებულ იქნა დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ის სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას", - ეწერა უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები