ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან

ივანიშვილი: ვიქნები აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ექსპოჯორჯიაში ქართული ოცნების ყრილობაზე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა, აქტიურ მოქალაქედ რჩება. ივანიშვილის თქმით, ორი წლის წინ მან მოახერხა და გააერთიანა პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი, ხელისუფლებაში მოიყვანა დემოკრატიული ძალები და ჩამოაყალიბა საუკეთესო გუნდი. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მან დანაპირები შეასრულა.

"საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისაგან, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას",- თქვა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ეს იყო მისი ამოცანა, რომელიც შეასრულა, ამიტომაც დატოვა პრემიერმინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც წავიდა.

"დღეიდან მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი. მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას. მე გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა ოცი წელი, მთელ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას. მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იდგება, არავის დავამადლი რჩევებს და არც კრიტიკას მოვაკლებ ვინმეს, თუ ამას დაიმსახურებს.

მე, თქვენთან ერთად, არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი შეზღუდვებისთვის, რომ სამართალიანობა მართალის ძლიერებას ნიშნავს და არა ძლიერის სიმართლეს",- თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ "ჩვენ პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ". მისივე თქმით, როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა.

"ეს არის ჩემი ქართული ოცნება! ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება. მე ამის მჯერა! და ბოლოს, წარმატებებს ვუსურვებ პარტია ,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, პარტია ღირსეულ კონკურენციას გაუწვეს სხვა პარტიებს და მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. წარმატებებს გისურვებთ ყველას!",- თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები