ეკონომიკა

ჯაფარიძე ონოფრიშვილს: თქვენს პროგრამას არ გააჩნია ერთიანი ხედვა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ონოფრიშვილის თქმით, მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა არ შეუცვლია.

"პოლიტიკა არ შეგვიცვლიაო, როგორ არ შეგიცვლიათ? შექმენით უამრავი ახალი ბიუროკრატია, ახალი კანონპროექტები. მაგალითად ცალკე გამოგაქვთ ზედამხედველობა ფასიან ქაღალდებზე, სადაზღვევო კომპანიებზე. არის საუბარი, რომ კონკურენციის სააგენტო ახალი ფუნქციებით უნდა შეიქმნას. რეგულაციები შემოიტანეთ, გადასახადები აწიეთ, აქციზი აწიეთ. იყო დისკუსია, რომ უნდა აგეკრძალათ კონკრეტული ბიზნესები, მაგალითად როგორიც არის სათამაშო ბიზნესი, მიუხედავად იმისა რომ შემდეგ გააჩერეთ. იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შეგექმნათ სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი, რაც ნიშნავს გადასახადების მატებას. ახლა არის საუბარი, რომ უნდა შექმნათ საპენსიო დაგროვებითი ფონდი, რაც ასევე გამოიწვევს გადასახადების მატებას," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, მთავრობისგან ეკონომიკის კუთხით ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები მომდინარეობს.

"ამ პროგრამაში თქვენ დამაბნეველი სიგნალები გიწერიათ. ერთის მხრივ გიწერიათ, რომ უნდა იყოს მცირე მთავრობა, რაც ნიშნავს პატარა ხარჯებს მთავრობის მხრიდან, მეორე მხრივ გიწერიათ, რომ უნდა შექმნათ ბიუროკრატიული მექანიზმები. ერთი მხრივ გიწერიათ, რომ ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი და შემდეგ მოდის რამდენიმე პასაჟი ახალ რეგულაციებზე და ა.შ.  მაგალითად სურსათის რეგულაციებთან დაკავშირებით. თქვენს პროგრამას არ გააჩნია ერთიანი ხედვა. არსებობს თავისუფალი ბაზარი და არათავისუფალი ბაზარი, ან ერთი უნდა აირჩიოთ და ან მეორე. ორივეს ერთად ვერ აირჩევთ, რადგან აგზავნით დამაბნეველ სიგნალებს. როდესაც საუბრობთ, რომ ინვესტორები დარწმუნებულები არიან, არაფერში არ არიან დარწმუნებულები. მეც ვხვდები ადამიანებს და მეც ველაპარაკები - არსებობს მოკლევადიანი პროექტები, რომ ფული სწრაფად ამოიღონ, მაგრამ ხუთწლიან პროექტზე არავინ საუბრობს. ხუთ წელიწადში კი არა, ერთ წელიწადში რა იქნება არავინ იცის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები