სახალხო დამცველი

ომბუდსმენი უსუფაშვილს კანონპროექტის განხილვის შეჩერების ინიციატივით მიმართავს

news.ge

სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტების განხილვის შეჩერების ინიციატივით მიმართავს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექის შესახებ, რასთან ერთადაც ცვლილებები დაგეგმილია რიგ საკანონმდებლო აქტებში. კანონპროექტს კენჭი პირველი მოსმენით 20 ნოემბერს ეყარა, უჩა ნანუაშვილი კი აცხადებს რომ მისთვის ამგვარი ცვლილებები მიუღებელია.

"ინიცირებული კანონპროექტების ძირითადი არსით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლს (პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე) ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების ცალკეულ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებზე აღარ ვრცელდება პრივილეგია - არ მისცენ ჩვენება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საგამონაკლისო ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი და სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების მქონე პირი," - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებული ცვლილებების შესახებ, სახალხო დამცველისა და მისი აპარატისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, შესაბამისად კანონპროექტის მომზადების პროცესში ისინი ჩართული არ ყოფილან.

"სახალხო დამცველთან მიმართებით დაგეგმილ ცვლილებას, კანონპროექტის ავტორები ხსნიან „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მე-12 მუხლის იმპლემენტაციის აუცილებლობით.

საქართველოს სახალხო დამცველი გაკვირვებას გამოხატავს, რომ იმ ცვლილების შესახებ, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას მის მანდატზე, მისთვის მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. არც სახალხო დამცველი და არც მისი აპარატი, სამწუხაროდ, ჩართული არ ყოფილან კანონპროექტის მომზადების პროცესში.
კანონპროექტს პირველი მოსმენით უკვე ეყარა ეყარა 20 ნოემბერს. სახალხო დამცველს ამგვარი ცვლილება მიუღებლად მიაჩნია და საქართველოს მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს კანონის განხილვა შემდეგი გარემოებების გამო:
ა) სახალხო დამცველისთვის გაუგებარია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნული ე.წ. „ლეგიტიმური მიზანი", რომლის თანახმად, „...კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მე–12 მუხლის მოთხოვნასთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებულ იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც გარკვეული პროფესიის პირებს (მათ შორის, სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს), აძლევს უფლებას, არ მიაწოდონ სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია."

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი „პროფესიას" არ წარმოადგენს, როგორც ეს განმარტებით ბარათშია აღნიშნული. სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობაა. უფრო მეტიც, კანონპროექტის ავტორებმა მხედველობაში არ მიიღეს ევროპის საბჭოს აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათი. კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ პროფესიებში ძირითადად ექიმები და ფსიქიატრები იგულისხმება.

გარდა ამისა, კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოადგენს კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნასთან, ვინაიდან იგი სახალხო დამცველს კი არ უკრძალავს საგამოძიებო ორგანოებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას, არამედ შესაძლებლობას აძლევს მას, თავისი განსაკუთრებული კონსტიტუციური ფუნქციიდან გამომდინარე, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. * აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როცა საქართველოს სახალხო დამცველის ან მის წარმომადგენელის მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმით ხელი შეშლოდეს გამოძიების ინტერესებს.

ბ) განსახილველი კანონპროექტით, გათვალისწინებულია საქართველოს სახალხო დამცველისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრივილეგიის უპირობო ჩამორთმევა, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ დანაშაულებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამგვარი ინფორმაცია სახალხო დამცველისათვის ცნობილი ხდება მისი განსაკუთრებული მანდატიდან გამომდინარე და ამ ინფორმაციას მას შესაბამისი პირები (მსხვერპლი, ბრალდებული და სხვა), სპეციალურად ანდობენ, რათა სახალხო დამცველმა, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა ინსტიტუტმა, უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა. ამ ცვლილებით კი, ხდება კონკრეტული დანაშაულების და მათ ჩადენაში ბრალდებული პირების გაყვანა სახალხო დამცველის საქართველოს კომპეტენციისა და დაცვის სფეროდან. ამრიგად, ეს ცვლილებები, გარკვეულ პირებს უსპობს შესაძლებლობას, ისარგებლონ სახალხო დამცველის დახმარებით, როდესაც მათი უფლებები ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან.

გ) სახალხო დამცველისთვის ასევე თანაბრად მიუღებელია კანონპროექტით შემოთავაზებული შეზღუდვების გავრცელება საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებსა და სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების მქონე პირებზე, ვინაიდან აღნიშნული პირები მოქმედებენ როგორც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

დ) აღნიშნული ცვლილება პრობლემურია ასევე სახალხო დამცველის მიერ ამ დანაშაულთა მსხვერპლის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც და ის წინააღმდეგობაში მოდის თვითონ ორგანული კანონის სხვა დებულებებთან. კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე – მისი წამებისა და მის მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია." ორგანული კანონის ამ დებულებაში გათვალისწინებული არ არის ცვლილების შეტანა, ხოლო ცვლილებათა წარმოდგენილი რედაქცია კი აშკარა წინააღმდეგობაშია მასთან," - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.

კომენტარები