პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ვებგვერდზე სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საიტის "ისტორიის" განყოფილებაში მოგვიანებით განთავსდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ჯერ ისევ დამუშავების რეჟიმშია.

"ვინაიდან საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ვიჩქარეთ საიტის განახლება. რაც შეეხება არქივს, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები გადავა საიტის "ისტორიის" განყოფილებაში. ეს ბმულის სახით იქნება, თუ პირდაპირ შეძლებს საზოგადოება საარქივო მასალის ნახვას, ტექნიკური სამსახური გაარკვევს. ყველაფერი აუცილებლად იქნება დაცული და შენახული, რაც ვებგვერდზე იყო წინა პრეზიდენტის დროს", - აღნიშნა მჟავანაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი გუშინ განახლდა. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრების შესახებ და ახალი პრეზიდენტის ბიოგრაფია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი, როგორც საქართველოს წინა პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძესთან ერთად მოხსენიებულია საიტის "ისტორიის"განყოფილებაში, სადაც მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომელ წლებში მართავდა ქვეყანას.

კომენტარები