უკრაინა

ლიტვის პრეზიდენტის მრჩეველი: მოსკოვი იანუკოვიჩს აშანტაჟებდა

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
Reuters

ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაზე უკრაინის უარის მიზეზი რუსეთის მხრიდან შანტაჟი გახდა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ამის შესახებ ლიტველ კოლეგას სატელეფონო საუბრისას აცნობა. ეს ფაქტი, ლიტვური გამოცემა DELFI-ს ცნობით, ლიტვის პრეზიდენტის მრჩეველმა იოვიტა ნელიუპშენემ საააგენტო BNS-თან საუბრისას დაადასტურა.

„უკრაინამ ეკონომიკურ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო. მას რუსეთში საქონლის იმპორტის შეზღუდვით დაემუქრნენ, განსაკუთრებთ აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიების ნაწარმის, სადაც ქვეყნის მრეწველობის ძირითადი ნაწილია კონცენტრირებული და ასეულობით ათასი ადამიანია დასაქმებული. რითაც უკრაინამ შესაძლოა მილიარდობით ზარალი მიღოს. ეს მიზეზები დაასახელა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ამ კვირაში პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს", - განაცხადა ნელიუპშენემ.

„ამგვარად, ჩვენ ვხედავთ ალიანსებს, რომლებიც ზეწოლის არაცივილიზებული მეთოდებით იქმნება. ასეთ კავშირებს კი დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია", - მიიჩნევს პრეზიდენტის მრჩეველი.

21 ნოებერს უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ უკვე პარაფირებული შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რომელსაც მრავალი წელი აწარმოებდა. კიევმა ამის მიზეზად რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცების სურვილი დაასახელა.

კომენტარები