ვანო მერაბიშვილის განცხადებით, გრძელდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. როგორც ყოფილმა პრემიერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, პროკურატურამ ქუთაისის სასამართლო სპეციალურად შეარჩია მის მიმართ ლოიალურობისა და მორჩილების ნიშნით.
"მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ სასამართლომ, ივანიშვილის პროკურატურის პირდაპირი დაკვეთით, გასული ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენს საქმეზე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთხოვნა. ამ სასამართლომ არსებით განხილვებზე დასაკითხად, პროკურატურას დაუმტკიცა მოწმეთა უპრეცედენტო რაოდენობა - 3969 მოწმე. მოწმეთა აღნიშნული რაოდენობა პროკურატურას სჭირდება, რათა ამოეფაროს მათ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დროს. ანალოგიური მცდელობა აქვს ქუთაისის სასამართლოს, რათა დაკითხოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის მოწმე და ამოეფაროს მათ რაოდენობას, მათი ჩვენებების მხედველობაში მიღების გარეშე. დამატებით უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება - ივანიშვილის პროკურატურა, მის მორჩილ სასამართლოსთან ერთად ცდილობს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შემიქმნან და ხშირად მატარონ 600 კილომეტრიან გზაზე, რათა ვერ მოვახდინო კონცენტრირება და ვერ დავიცვა ჩემი უფლებები. აქამდე გამართულმა ყველა სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პროკურატურას არა აქვს მტკიცებულებები. ისინი, ქუთაისის სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ ჩემი უკანონო პატიმრობა, რაც შეიძლება გააწვალონ მოწმეები, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არ საუბრობენ და განახორციელონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მე ბრძოლა შევწყვიტო. გარდა ამისა, უპრეცედენტო რაოდენობის მოწმეების დაკითხვებზე და შემდგომ სასამართლო პროცესებზე ტარება მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინონ ჩვენს აქტივისტებზე და დისკომფორტი შეუქმნან მათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის გამო", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ "უკანონო პატიმრობით, სპეციალურად აქეთ-იქით ხშირად ტარებითა და ამ უაზრო სასამართლო პროცესებით" ვერ შეაშინებენ.
"ჩვენ ყველა ასპარეზზე ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას, და ეს ბრძოლა მიდის არა ჩემი თავისუფლების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერებისთვის", - დასძინა ბრალდებულმა.





