კონფერენცია ვაშინგტონში

მაკკეინი: მოვლენები არ არის ისეთი, რასაც ქართველი ხალხი ელოდა და იმსახურებდა

მარშალის ფონდის ვაშინგტონის სათაო ოფისში კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საქართველოში არსებული ვითარება და მოახლოებული ვილნიუსის სამიტი განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. შეხვედრაში აშშ-ის სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ევროპელი დიპლომატები, ასევე საქართველოს საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსები მონაწილეობდნენ. თბილისიდან მოხსენებისათვის კახა ბენდუქიძე და გია ნოდია იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი.

კონფერენცია სენატორმა ჯონ მაკკეინმა გახსნა. მან ყოფილი მთავრობის წევრების დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება.

"არ შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ. ჩვენ ვაღიარებთ მათ დაშვებულ შეცდომებსაც და ვარდების რევოლუციიდან 10 წლის მანძილზე ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა გადადგა ცვლილებებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი. ცხადია, მათი მოლოდინი ახალი მთავრობის მიმართ ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, და ასეც უნდა იყოს, რადგან საქართველოს ისევ რჩება, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები და გასაკეთებელია ბევრი რამ ქვეყნის დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმებისთვის. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები არ არის ისეთი, როგორსაც, ჩვენი აზრით, ქართველი ხალხი ელოდა და იმსახურებდა. მთავრობის ზოგიერთი ყოფილი წევრის დაკავება და გასამართლება ჩანს შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული. სამართლიანობა უნდა აღდგეს და კანონი დაცული იყოს. თუმცა, სამართლიანობის აღდგენამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა და არ დააზიანოს ეს პრინციპები." - თქვა ჯონ მაკკეინმა.

კონფერენციაში მონაწილე კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა ტომ დე ვაალმა რამდენიმე ციტატა წაიკითხა ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მოხსენებიდან წინა მთავრობის ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით. "მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა პარლამენტს. ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ადმინისტრაციებს. მიწის და სხვა კერძო საკუთრების კონფისკაცია ხდებოდა და საშუალება ამის გასაჩივრების იყო მცირე ან საერთოდ არ არსებობდა. სახელმწიფოს კერძო საკუთრება გადაეცემოდა ზეწოლის ან შიშის საფუძველზე. იყო საჩივრები ელიტურ კორუფციაზე."

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საპასუხოდ, კახა ბენდუქიძემ ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენა მოითხოვა.

"დარწმუნებით საუბრობენ, რომ არსებობს ელიტური კორუფცია, მაგრამ თითქოს ის დამალულია. იგივეა ვთქვა - ამ ოთახში თქვენ უკან ნიანგები არიან, და რომ შეხედავთ, გაქრებიანო. წელიწადზე მეტია, ახალი მთავრობა აკონტროლებს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსურ პოლიციას. აქამდე გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ელიტურ კორუფციაზე. აქედან გამომდინარე არის ორი სავარაუდო პასუხი - ელიტური კორუფცია ან არ არსებობდა ან არსებობდა და ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია იმდენად სუსტები არიან, მტკიცებულებებს ვერ პოულობენ", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკ რუბინი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას.

"უდავოდ, არჩევნები , რომელიც საქართველოში ჩატარდა იყო თავისუფალი და სამართლიანი, რაც კი გვინახავს ყოფილ საბჭოთა კავშირში, ბალტიისპირეთს თუ არ ჩავთვლით. ეს არის მიღწევა და ყველა ქართველის დამსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტი და ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან პარაფირებას გაუკეთებს. ეს არის ძლიერი ეროვნული კონსენსუსის გამოხატულება", - თქვა რუბინმა. მან ასევე ისაუბრა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს პატიმრობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ხელს უშლის კიევის ურთიერთობის გაღრმავებას ბრიუსელთან.

აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ამერიკის ადმინისტრაციას მოუწოდა, ანალოგიური ყურადღება საქართველოში ყოფილი მთავრობის წევრების დაკავებებსაც მიაქციონ.

"ტიმოშენკოს საკითხი მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. მერაბიშვილის საკითხი კი მნიშვნელოვანი გახდა აღმოსავლეთისთვის. არავინ სვამს შეკითხვებს, თუ რატომ დაიწყო მთავრობამ გამოძიება . აქ საუბარია იმაზე, რომ ციხეში ზის პიროვნება, რომელიც არ გარბის ქვეყნიდან და არ გაურბის პასუხისმგებლობას. რომელიც იყო მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი და როდესაც ვზეიმობთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, კანდიდატი ციხეში იჯდა. მე არ მგონია, შეერთებული შტატები ამით დემოკრატიას ხელს უწყობდეს. ქართველები მხოლოდ ერთ გზავნილს ხედავენ - თუ ხარ საკმარისად გაბედული, რომ ხელი შეუწყო ფუნქციური ინსტიტუტების მშენებლობას, მოახდინო დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია, დასავლეთი გპასუხობს იმით, რომ თუ დაკარგავ ძალაუფლებას და ხვდები ციხეში, შეერთებული შტატები შენს დასახმარებლად არ მოვა”, - თქვა იაკობაშვილმა.

ვილნიუსის სამიტსა და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებასთან დაკავშირებით აშშ-ში დღესაც იმსჯელებენ. შეხვედრაში მონაწილეობას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიიღებს.

 

კომენტარები