საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის თელავის ოფისთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროში განუცხადეს, რომ აზომვითი სამუშაოები პოლიციას არ ჩაუტარებია და ეს სამუშაოები იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა.
დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თელავში ნადიკვრის ქუჩის #8 მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო აზომვითი სამუშაოების საბაბით (სასამართლოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე).
”მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, ვინმე გია სესიტაშვილის განცხადების საფუძველზე, რომ თითქოსდა პარტიამ აიძულა იგი ფართი გაეყიდა.
ჩვენი მხრივ, გვინდა განვმარტოთ, მ.პ.გ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული ფართი კანონის სრული დაცვითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზემოხსენებული პიროვნებისგან მართლაც შეიძინა 2006 წელს. არც მაშინ და არც მას შემდეგ რაიმე სახის პრეტენზია ამ პიროვნებას არ ჰქონია”, - წერია ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე.




