ილია მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია ”მსოფლიო იურისტთა ასოციაციამ” სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება საპატრიარქოში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცეპრეზიდენტი კინ კორლი და ამავე ორგანიზაციის ექსპრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი ესწრებოდნენ, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები.
ასოციაციის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დიდი ჯილდოთი ხვალ, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს დააჯილდოებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ჯილდოს წელიწადში ერთხელ ანიჭებს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს, მათი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების სფეროში.
"საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი, და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე პავლე მეორე მივიღე და მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა. მინდა მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის. მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ "კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას". ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და მშვიდობას შევინარჩუნებთ. მადლობას ვწირავ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციას ამ ჯილდოსთვის", - აღნიშნა ილია მეორემ შეხვედრაზე.





