ქართული არმია

ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა ჯარისკაცებმა ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში
www.mod.gov.ge
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველმა ჯარისკაცებმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი პასუხისმგებლობის რაიონში თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა, ბუფერული ზონების შექმნა, "წითელი გზის" დაცვის გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, წარმატებით ჩაატარეს. ოპერაცია სახელწოდებით "სემკეპი" 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
 
ბათუმის ბატალიონის "ალფა" და "ჩარლი" ასეულების ჯარისკაცებმა, ოპერაცია დილის 9 საათზე დაიწყეს, სამხედრო მოქმედება ოთხ ფაზად იყო გაყოფილი. სოფელ შინ კარეზში ჩატარებულ ოპერაციას ქართული დანაყოფისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დასახლებულ პუნქტში თალიბების კინეტიკური აქტიურობა საშუალო დონემდე იყო მისული და საჭირო გახდა ერთგვარი ძალის დემონსტრირება. სოფელში შესვლის დროს, ქართველი სამხედროები ერთ-ერთ მოსახლეს გაესაუბრნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. 
 
სოფლის უხუცესებთან შეხვედრისას (შურა), ქვეითი პატრულის უსაფრთხოების უზრუნველყოფით დაკავებული ქართველების ჯავშანმანქანა "MRAP" თვითნაკეთ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე აფეთქდა. თუმცა, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ოპერაციის მეთაურის ბრძანებით, უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ბათუმის ბატალიონის სწრაფი რეაგირების ძალები და გამნაღველთა ჯგუფი გამოიძახეს, ხოლო პირადმა შემადგენლობამ აფეთქებული მანქანის გარშემო უსაფრთხოება უზრუნველყო. ტერიტორიის განაღმვის შემდეგ, მოხდა მანქანის ბაზაზე ევაკუირება.

 

კომენტარები