ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

უმცირესობა: ივანიშვილის მთავრობის მთავარი შედეგი გაუარესებული ეკონომიკაა

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობის მთავარი შედეგი ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობაა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობისას, მთავრობამ ვერც ერთ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწია. 

"ამ ერთი წლის მანძილზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, მე მახსენდება  შემცირებული ეკონომიკა, გარღვეული ბიუჯეტი, შემცირებული სამუშაო ადგილები. ასევე, საგარეო ვექტორზე საკმაოდ არასწორი ნაბიჯები, რამაც  ბევრი გაუგებრობა გამოიწვია ჩვენს პარტნიორებში თუ რა გვინდა ზოგადად" - ამბობს უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე.

"ბიძინა ივანიშვილს არ დაუსრულებია პოლიტიკაში ყოფნა. მას უბრალოდ სურს, რომ კულუარულად მართოს პროცესები, მან ნდობის მაღალი ხარისხის კრიტერიუმით დანიშნა პრეზიდენტი, მანვე დანიშნა პრემიერი, პრემიერს დაანიშნინა ის ადამიანები მის გვერდით, რომლებიც ჯარისკაცულად შეასრულებენ მის ფუნქციებს. და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის დროს, უგზოუკვლოდ დაიკარგა 700 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან. უგზოუკვლოდ დაიკარგა საარჩევნო დაპირებები, რომლებიც მან უხვად გასცა და მათ  გადაფარვას ცდილობდნენ სხვადასხვა სკანდალებით" - აცხადებს დეპუტატი დავით საყვარელიძე. 

ახალი პრემიერმინისტრის დამტკიცების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებს და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. ივანიშვილს დღეს ერთწლიანი მუშაობისთვის უმრავლესობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს. 

კომენტარები