პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გოგუაძე: მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ირაკლი ციბაძე გაიწვიოს მაუწყებლიდან

allmedia.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ემზარ გოგუაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მაუწყებლიდან უშიშროების მოქმედი ოფიცერი ირაკლი ციბაძე გაიწვიოს.

ემზარ გოგუაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატ გიორგი კანდელაკის დასმულ შეკითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ციბაძე ნამდვილად მისი უწყების თანამშრომელია.

"მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ირაკლი ციბაძე გაიწვიოს მაუწყებლიდან და მიიღოს გადაწყვეტილება ამ პოსტის საერთოდ გაუქმებისა, რადგან მსგავსი ფაქტები წარმოადგენენ იმ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რეციდივებს, რომელსაც ვებრძოდი ჩემს უფროს თანამებრძოლებთან ერთად და რომლიდანაც საქართველოს გათავისუფლების საქმეში გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი. დღეს კი თანამედროვე ეპოქაში მსგავსი ინსტიტუტების არსებობა და მსგავსი მიდგომა არღვევს დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის უმთავრეს პრინციპებს და ეწინააღმდეგება თავისუფალი მედიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა ყველა მნიშვნელოვან მონაპოვარს", - თქვა გოგუაძემ.

 

კომენტარები