საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს 1 იანვრამდე შექმნას ითვალისწინებს, დაამტკიცა.
ცვლილებები, პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში მიიღო და ძალაში ახალი წლიდან უნდა შესულიყო, დღეს მიღებული პროექტის თანახმად კი, მიმდინარე თვიდან ამოქმედდება. შეიცვალა მეურვეთა შერჩევის და არჩევის ვადები და პროცედურები და ის დროში შემჭიდროვდა.
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებების მომზადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ განაპირობა.
"იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ ბორდი ქმედითუუნაროა, ცვლილებების მიზანია, მისი დაკომპლექტება ადრე მოხდეს. რაც შეეხება ამ მიმართულებით პროცედურულ ცვლილებებს, არ უნდა მოხდეს ისე, რომ მხოლოდ ვადის გადმოწევამ, ბორდი გააცოცხლოს. კანონის გათვალისწინებით, 1 იანვრიდან 9-კაციანი ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით, 2/3-ით იღებს. მარტო კანონის ამოქმედების ვადის გადმოწევით, შეიძლება დღევანდელი ბორდი ქმედითუნარიანი გახდეს და ასეთ შემთხვევაში რეორგანიზაციის პრინციპი ირღვევა. იმისთვის, რომ რეორგანიზაციის პრინციპი დავიცვათ და 9-კაციანი ბორდი ამოქმედდეს, საჭირო გახდა პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მომზადება" - თქვა ერთ-ერთმა ავტორმა ზურაბ ტყემალაძემ.
ტყემალაძესთან ერთად კანონპროექტის ავტორები არიან - ნუკრი ქანთარია, თამარ კორძაია, ანი მიროტაძე, ნინო გოგუაძე, თემურ ჭკუასელი და ელისო ჩაფიძე.
განახლებული ბორდში 15-ის ნაცვლად, 9 წევრი იქნება. აქედან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 2 აირჩევა მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით, 3 – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, 3 – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო 1 – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.





