საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ეკონომიკური დაღმასვლის მთავარი მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა იყო.
”მინდა შეგახსენოთ, სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში ეკონომიკის აქტივობის მთავარი მამოძრავებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო. ასობით მილიონობით ლარი მიემართებოდა ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც არ ჰქონდა გრძელვადიანი ეფექტი და ხელოვნური სტიმულირებით ბიუჯეტის ზრდა ერთჯერად, ხანმოკლე ეფექტზე იყო გათვლილი. ამ პროექტების განხორციელებაში უმეტესად ჩართული იყვნენ თქვენი პარტიის მფარველობაში მყოფი კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტები სატენდერო პროცედურების გვერდის ავლით და კანონდარღვევით იყო გაფორმებული. პროექტების დაფინანსება ბიუჯეტის გარდა ხორციელდებოდა სახელმწიფო კომპანიების მიერ, რომელთა საქმიანობასაც საერთოდ არ წარმოადგენდა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ეს იყო რეალობა. ბიუჯეტის შესავსებად აქტიურად გამოიყენებოდა პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები. დაშინებით და შანტაჟის გზით აიძულებდნენ ბიზნესს თანხის გადახდას, რის შედეგადაც ზედმეტად გადახდილი გადასახადები ერთ მილიარდ ლარზე მეტია.
ზემოაღნიშნულის გავლენა უკვე 2012 წლის ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპებმა და უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო. თქვენმა არანორმალურმა საარჩევნო გარემომ, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენ ვართ ახლა პარლამენტის შენობაში, რომლის აშენებაც დაჯდა 340 მილიონი ლარი, რამდენიმე ათეული მილიონი იქნა გაფლანგული თქვენთან ასოცირებული კომპანიის მიერ. ეს ადამიანი პასუხისგებაში მიეცა. როგორი ნაშენებიც არის და როგორი დამოკიდებულებაც იყო, კარგად ჩანს, ვგულისხმობ შემოსასვლელს, რომელიც უკვე დანგრეულია”, - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ბიზნესი გათავისუფლდა და ზეწოლის ფაქტები აღარ არსებობს.
”წინა ხელისუფლების პირობებში სამშენებლო სექტორში დაგროვილი პრობლემების მიუხედავად, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში კერძო ბინათმშენებლობის ნაწილში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სამშენებლო სექტორის განვითარება შესაძლებელია გაუმართლებელი პროექტების დაფინანსების გარეშეც. ახალი მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის პრიორიტედად გამოცხადების, დიდი მოცულობით ინვესტიციების განხორციელების შედეგად ამ სექტორში ორ კვარტალში რეალურმა ზრდამ 7%-ს გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მიმდინარე წელს საკმაოდ ბევრი პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს”, - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ საკითხებზე მთავრობა კონკრეტული გეგმის განხორციელებას გეგმავს.





