26 მაისის საქმე

ბრალდების მხარე 26 მაისის საქმეზე, ნინო ბურჯანაძეს დაკითხავს

Nino Burjanadze

26 მაისის საქმეზე, პროკურატურა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძესაც დაკითხავს. როგორც დღეს, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, ბრალდების მხარის დასაკითხ სიაში არიან ნონა გაფრინდაშვილი და სახალხო კრების სხვა ლიდერებიც - ირაკლი ბათიაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, შალვა ოგბაიძე, ასევე კახა კუკავა და თემურ შაშიაშვილი. გარდა ამისა, პროკურატურა დაკითხავს რამდენიმე ჟურნალისტს, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს შალვა ჯანაშვილს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გოგა გრიგალაშვილს.

ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შორის მოხვდა სხვადასხვა ტელეკომპანიიდან ამოღებული ვიდეომასალაც.

დაცვის მხარის დასაკითხ პირთა შორის კი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის - გია ლორთქიფანიძე, შოთა უტიაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, შალვა ჯანაშვილი, კახა ლეგაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, გოგა გრიგალაშვილი და სხვა პირები არიან. დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარე სხდომაზე საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხაც წარმოადგინა.

კომენტარები