დავით ბეჟუაშვილი

ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა

დავით ბეჟუაშვილი

დღეს, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის მილიონერმა დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დავით ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე - 2008 და 2012 წელს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით გახდა. გარდა ამისა, ბეჟუაშვილი დეპუტატი იყო როგორც 1999 წლის მე-5 მოწვევის პარლამენტში, ისე 2004 წლის მე-6 მოწვევის პარლამენტში. მაშინ ის პარლამენტარი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კვოტით გახდა.

დავით ბეჟუაშვილი, რომელიც ამავე დროს ბიზნესმენიცაა, ნაციონალური მოძრაობის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა სასტუმრო თბილისი მარიოტში გამართულ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე. ამ ფონდის დაფუძნების ინიციატორი ამჟამად პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილია.

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე ბეჟუაშვილმა დადებითად შეაფასა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული ფონდის შექმნის იდეა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ფონდი ბევრი მოქალაქის დასაქმებას შეძლებს.

ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირები დავით ბეჟუაშვილს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხშირად აკრიტიკებდნენ მისი გაუმჭვირვალე ბიზნესსაქმიანობის გამო.

თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის - CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ს პარტნიორი.

CHEMEXIM INTERNATIONAL LTD საქართველოში ფლობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომლის საკუთრებაში არაერთი მსხვილი ქართული კომპანიაა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ბეჟუაშვილის კომპანიები მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზეა რეგისტრირებული.

"კვიპროსი და მარშალის კუნძულები ძალიან პოპულარულია ფიქტიური კომპანიების დასარეგისტრირებლად, რომლებიც ხშირად გამოიყენება რეალური მესაკუთრეებისა და ფინანსური ნაკადების შესანიღბად, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის სტატიაში. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქებისას მაღაროელების დაღუპვის ფაქტზე მაღაროს მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროს სწორედ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ფლობს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ვებგვერდის მონაცემებით, ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ არსებულ კომპანიებში რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი საქართველოში ფლობს 8 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგურს. ასევე ჰოლდინგის მფლობელობაშია შპს "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი". სწორედ აღნიშნული კომპანია ამუშავებს ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ასევე ფლობს შპს ტიფლის სითის, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას, ქართული ლუდის კომპანიას და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას.

ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავლებმა 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი - 105 მილიონი ლარი.

2011 წლის ბოლომდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ასევე იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 30%-სა და ტელეკომპანია მზის 10%-ის მფლობელი.

კომენტარები