იულია ტიმოშენკო

ევროკავშირი კიევს ტიმოშენკოს საქმის გადაწყვეტისკენ მოუწოდებს

theguardian.com

ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევს ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს საქმის გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირს უნდა შეეფასებინა, რამდენად შეასრულა უკრაინამ ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის აუცილებელი პირობები. თუმცა მინისტრები უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან, რომელმაც ამ კვირაში ექსპრემიერ ტიმოშენკოს საკითხი უნდა განიხილოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს განცხადებით, ტიმოშენკოს საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და უკრაინამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები კანონის უზენაესობისკენ, რადგან დრო სწრაფად გადის.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის თქმით, "ყველაფერი პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელშია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკა გაგვაჩნია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, გააჩნია ის თუ არა იანუკოვიჩს".

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი თქვა, "მე არსებით დისკუსიას ველოდები. ჩვენ ვილნიუსის სამიტს ვუახლოვდებით, რომელიც შეიძლება ისტორიული აღმოჩნდეს. მე გავაფრთხილე უკრაინის ხელისუფლების წევრები, არ დაეტოვებინათ რაღაც საკითხები ბოლო წუთებისთვის, მაგრამ საუბედუროდ ეს მაინც ასე მოხდა".

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერის თქმით კი, უკრაინას ჯერ კიდევ 10 დღე აქვს პრობლემის გადაწყვეტისთვის. "მე შევხდები პრეზიდენტ იანუკოვიჩს ხუთშაბათს ვენაში შეთანხმების მისაღწევად. ყველაფერი მის ხელთაა".

ევროკავშირის ქვეყნები კიევისგან ვილნიუსის სამიტამდე ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც შერჩევითი სამართლის სიმბოლოდ მიიჩნევენ. გასულ კვირას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების ნებას მისცემდა, თუმცა მხოლოდ დამნაშავედ ცნობილი პირის ამპლუაში.

კომენტარები