იულია ტიმოშენკო

უკრაინის რადამ კანონპროექტი ტიმოშენკოს საზღვარგარეთ გამგზავრებაზე ჩააგდო

უკრაინის უმაღლესმა რადამ იმ კანონპროექტის განხილვა ჩააგდო, რომელიც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას მისცემდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა რეგიონების პარტიიდან ოპოზიციას დააკისრეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ წინა დღეს კანონპროექტის შეთანხმება ვერ მოხერხდა. საპასუხოდ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანონის ჩავარდნა სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელსაც ტიმოშენკოს გათავისუფლება და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ სურს. სხდომა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიხურა. უმაღლესი რადა აპირებს, აღნიშნული საკითხის განხილვას 19 ნოემბერს დაუბრუნდეს. ყოფილი პრემიერის გათავისუფლება ევროკავშირის მთავარი პირობაა ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად.

იულია ტიმოშენკო ევროკავშირის მოუწოდებს, უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში გააფორმოს. ტიმოშენკოს განცხადება მედიას დღეს მისმა ქალიშვილმა ევგენია ტიმოშენკომ გააცნო. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლას განგებ ცდილობს.

”მივმართავ ევროპის ყველა ლიდერს, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ოპოზიციას, ნუ დაკარგავენ დროს და ხელი შეუწყონ შეთანხმების ხელმოწერას ნებისმიერ გარემოებებში. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, იანუკოვიჩის ფარულ გარიგებებსა და ფობიებს უკრაინის ევროპული მომავალი შევწიროთ. მივმართავ ყველას, ვისაც ეს ძალუძს, დაიცვან 46 მილიონი უკრაინელი უკანონობისა და დიქტატურის საფრთხისაგან”, - თქვა ევგენია ტიმოშენკომ.

დღესვე ევროპარლამენტის სპეციალური მისია, პეტ კოქსისა და ალექსანდრ კვასნევსკის მონაწილეობით, სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც შეთანხმების გასაფორმებლად უკრაინის მზადყოფნას შეაფასებს. მისიამ ტიმოშენკოს გათავისუფლებისთვის კიევს ვადა 18 ნოემბრამდე მისცა, თუმცა, კანონპროექტის ჩავარდნის გამო ეს, ალბათ, ვეღარ მოხერხდება.

კომენტარები