საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი

ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ ზესტაფონიდან წავიდა

fczestafoni.ge

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია თანამდებობიდან წავიდა. ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენმა მას შემდეგ მიიღო, რაც 3-დღიანი ვადა მისცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ გადამდგარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა რომ თავად დატოვებდა თანამდებობას. ზვიად სიჭინავა პოსტზე დარჩა და ზესტაფონის ოფიციალურ ვებგვერდზე, კოკაიას მიერ კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადებაც გამოქვეყნდა. 

ილია კოკაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მე ვისაუბრე ქართულ საფეხბურთო ოჯახში შექმნილ პრობლემებზე და ამ პრობლემების წარმოქმნის მიზეზებზე, სადაც არადამაკმაყოფილებლად შევაფასე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და მიუღებლად მივიჩნიე საფეხბურთო ოჯახის სათავეში რეალური ძალის არმქონე პრეზიდენტის ყოფნა, რომლის უნიათო საქმიანობის მწვერვალი გახლდათ ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული სტრუქტურის მიერ მიღებული ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს მოწყობის ისეთი ქვაკუთხედი, რასაც საკონტრაქტო სისტემა წარმოადგენს.

ჩემი ღრმა რწმენით, ფედერაცია დღეისათვის არა ფეხბურთის მსახურების სახლად, არამედ ვიწრო, პირადი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების რეალიზების საშუალებად იქცა.

აქტუალურია საფეხბურთო კლუბების არათანაბარი დაფინანსების ძალიან მტკივნეული თემა. მაშინ, როდესაც საფეხბურთო ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევის ყოვლისმომცველი და სამართლიანი დახმარების მოლოდინშია, საფეხბურთო კლუბის ბედი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონსა თუ რეგიონში მოქმედი ჩინოვნიკის სიმპატია-ანტიპატიაზე და მის ურთიერთობაზე სამთავრობო სტრუქტურებთან. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული მრავალი, მათ შორის, გარიგებული მატჩებისა და სხვადასხვა მაქინაციების პრობლემების სათავე. ფედერაციამ ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემები ვერც სახელმწიფოსთან მოაგვარა.

შექმნილი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, მე ვურჩიე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართული ფეხბურთისათვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევის მიზნით, თავისივე სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მისი მხრიდან ამ რჩევის არგამოყენების შემთხვევაში, დავიტოვე უფლება თავად წავსულიყავი კლუბიდან.

აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული უფლებით და გაუწყებთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩემი გადადგომისა და კლუბიდან წასვლის შესახებ.

აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რომ ვრჩები საკუთარი სიტყვისა და პირობის ერთგული - თანამდებობიდან წასვლამდე ვამტკიცებ კლუბის ბიუჯეტს, რაც უზრუნველყოფს გუნდის შეუფერხებელ ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მართვის ფუნქციას დღეიდან კლუბის მენეჯმენტი განახორციელებს.

რაც შეეხება კლუბის შემდგომ ბედს, ის, როგორც ეს ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა გაცხადებული, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ თავზე აღებული და საჯაროდ გაჟღერებული თანადგომის ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი კლუბის მენეჯმენტთან დამატებითი განხილვის საგანი გახდება.

საჯაროდ ვაცხადებ იმის თაობაზე, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეიდან აღარ მივიჩნევ საფეხბურთო ცხოვრების მარეგულირებელ ინსტანციად. აქვე გეტყვით, რომ კლუბიდან წასვლის მიუხედავად, ჩემს მიზანს სულაც არ წარმოადგენს ფეხბურთიდან წასვლა და საფეხბურთო ცხოვრებიდან განზე დგომა.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ქართულ ფეხბურთში მეგულება ძალიან ბევრი წესიერი და ამავე დროს კომპეტენტური ადამიანი, რომელთაც აწუხებთ და სტკივათ სადღეისოდ არსებული მდგომარეობა. გაძლევთ პირობას, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ჯანსაღ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის საქმეში, რათა საერთო ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ! მეამაყება, რომ უამრავი ადამიანისთვის"ზესტაფონი" გახდა ერთგვარი სიმბოლო ფეხბურთის კეთილსინდისიერი მსახურების და საქმის სუფთა ხელებით კეთებისა".

კომენტარები