საქართველო-აშშ

ბარაკ ობამა მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს

reuters.com

აშშ-ის საელჩომ საქართველოში პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც იგი ქართველ ხალხს ხელისუფლების წარმატებით გადაცემას და გიორგი მარგველაშვილს - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, რითაც აღინიშნება პირველად საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს. ამ დღემდე განვლილ გზაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ბევრმა შესანიშნავმა პოლიტიკურმა ლიდერმა. მათ შორის მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლემბაც არსებითი როლი ითამაშეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ამ ორ ლიდერმა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნისას და ველოდებით თანამშრომლობას მათ მემკვიდრეებთან, რათა გავაგრძელოთ ურთიერთობების გაღრმავება, რასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა აშშ-სა და საქართველოს შორის", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

ამასთან, როგორც ბარაკ ობამა აღნიშნავს, საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე, მათ შორის არის ღია მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ქალთა დაწინაურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე წინსვლა, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე აღინშნება.

"იმ დროს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ერთად იმუშავონ და გააგრძელონ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გაამყარონ ეს მიღწევები",- ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.

კომენტარები