აღმოსავლეთ პარტნიორობა

ევროკავშირი მოლდოვასთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

trm.md

მოლდოვამ მთლიანად შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ევროკომისია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ 15 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა.

ევროკომისიამ მოხსენება გამოაქვეყნა მოლდოვასთან, უკრაინასთან და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებთ. ბაროზოს განცხადებით, ამ ანგარიშის თანახმად, მოლდოვა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკომისია გამოვა წინადადებით ვიზების გაუქმების შესახებ მოლდოვას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები გააჩნიათ. მათ შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღის განმავლობაში ყოფნა შეეძლებათ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მოლდოვას მოქალაქეებისთვის და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხადა ბაზოზომ.

გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოლდოვას 2011 წლის იანვარში გადაეცა.

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

15 ნოემბერს ასევე გამოქვეყნდა პირველი ანგარიში საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც ევროკომისია მიუთითებს, რომ ქვეყანამ „ძალიან კარგ პროგრესს" მიაღწია. საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, ხოლო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა თბილისს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.

სამოქმედო გეგმა ისეთ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას, ასევე ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანთა უფლებების და უმცირესობების დაცვა, ანტი–დისკრიმინაცია, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაადგილება უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში განხორციელდეს.

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ამოცანების განხორციელებაში", – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავს პოლიტიკის ზოგად ჩარჩოს – კანონმდებლობას და ინსტიტუტებს; მისი განხორციელება გზას გაუკვალავს მეორე ფაზის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებას, რომლებიც უკავშირდება ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში საჭირო ზომების დანერგვას.

„საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო, რასაც [პირველი ფაზის] დოკუმენტების უსაფრთხოების თაობაზე, მათ შორის ბიომეტრიის შესახებ, ამოცანები და ასევე საზღვრის ინტეგრირებული მართვის ამოცანები მოითხოვს, უკვე განხორციელების მოწინავე ეტაპზეა", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო კარგად მიიწევს წინ პირველი ფაზის იმ ამოცანების განხორციელების კუთხით, რომლებიც ეხება მიგრაციის მართვას, თავშესაფრის მინიჭებას, საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს".

ევროკომისიამ 15 ნოემბერს ასევე გამოაქვეყნა მესამე ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მართალია, ქვეყანამ „მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია, მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა კვლავ დასაკმაყოფილებელია. მათ შორის ისინი, რომლებიც უკავშირდება ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სამართლებრივ ჩარჩოს, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, თავშესაფარს და ანტი–დისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

კომენტარები