პოლიციელის დაჭრა

პატრულის დაჭრაში ეჭვმიტანილის ადვოკატი: გულორდავას დაკავების საფუძველი არ იყო

პატრულ-ინსპექტორის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავა დააპატიმრეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, დაკავებული იქნება. გულორდავას ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ. გამოძიება ეჭვმიტანილს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება.

დაკავებულის ადვოკატი მირანდა ნოდია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას უსაფუძვლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს.

"გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ დააკავოს გულორდავა, თუმცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო დადგება თავის სიმაღლეზე და აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ანუ მის მიმართ არ გამოიყენებს პატიმრობას", - განუცხადა მირანდა ნოდიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოსთან გუშინ პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავას მშობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი დაკავებული ეჭვმიტანილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი ასევე მოითხოვდნენ, კახა გულორდავას არ მიესაჯოს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ სასამართლოს მიერ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ დააპატიმრონ.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე გუშინ დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც ის ნაცემი დატოვეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

"პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. პატრულის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია თუ ვინ სცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეს მისი მეჯვარეა. რაც შეეხება ვერსიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება პატრულის მიერ მისი მეგობრის საცოლის გაუპატიურებას. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება", - თქვა გიორგობიანმა.

კომენტარები