მედიის თავისუფლება საქართველოში

მედიის თავისუფლების ინდექსით, საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა

ინტერნიუს უკრაინის პროექტის - მედიის თავისუფლების მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსით, საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. კვლევა ექვს ქვეყანაში ბოლო 3 თვის მდგომარეობას ასახავს და მასში უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი მონაწილეობენ. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მედია ქვეჯგუფის ფარგლებში ხორციელდება.

კვლევის მიხედვით, მოლდოვა პირველ ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს საქართველოს მაჩვენებელს. ყველაზე პრობლემური მაჩვენებელი ბელორუსშია., მისი ინდექსი საქართველოს და მოლდოვას მაჩვენებელს თითქმის სამჯერ ჩამორჩება. ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერი იყო. ამ მხრივ პრობლემურ ქვეყნად მაშინაც ბელორუსი დაასახელეს.

Media.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში პროექტის პარტნიორი ასოციაცია მწვანე ტალღაა. ასოციაციის წარმოამდგენელიმა მაკა ჯახუამ საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსის გაუარესების მიზეზები განმარტა.მისი თქმით, კვლევის საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე მოვლენებმა, კერძოდ - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2 პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვამ.

კვლევის მეთოდოლოგია პროექტის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს. მონაწილე ქვეყნებისათვის შედგენილია საერთო კითხვარი, რომელსაც თითოეული ქვეყნიდან 10-10 ექსპერტი ავსებს. მათ შორის არიან მედიამენეჯერები, ჟურნალისტები, მედიამკვლევრები და მედიის საქმიანობის დამკვირვებელი ორგანიზაციები.

კითხვები მედია კანონმდებლობას, ბიზნესს, ჟურნალისტებზე ზეწოლას და სხვა ფაქტებს ეხება. ექსპერტებმა თითოეულ კითხვაზე პასუხი 0-დან 3-მდე ქულით უნდა შეაფასონ. მედიის თავისუფლების ინდექსი ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოითვლება.

 

კომენტარები