მედიის თავისუფლება საქართველოში

ჟიჟილაშვილი: მაესტრო სამთავრობო და რუსული ინტერესის გატარებას მთხოვდა, რაც თანხვედრაში იყო

ნინო ჟიჟილაშვილი
facebook.com/nino.zhizhilashvili

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, მაშინ, როცა "მაესტროში" მუშაობდა, ტელეკომპანიის დამფუძნებელი სახელისუფლებო და რუსული ინტერესის გატარებას სთხოვდა. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ ეს ორი ინტერესი ერთმანეთთან თანხვედრაში იყო.

ამის შესახებ ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა, როცა გადაცემის სტუმარმა, გრიგოლ გეგელიამ ნიკა ლალიაშვილთან დისკუსიის დროს მედიის მდგომარეობის შესახებ აზრი ჟურნალისტსაც ჰკითხა.

"ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი არხი, "მაესტრო" გაქრა ველიდან. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიტყვი, რომ ამ არხზე [ტვ პირველზე] ვმუშაობთ ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა არხებიდან გამოგვაგდეს და ტვ პირველმა შეგვიფარა", - თქვა ჟიჟილაშვილმა.

ამის შემდეგ ლალიაშვილმა მას ჰკითხა, გამოუშვეს თუ არა მაესტროდან პოლიტიკური მოტივით, რაზეც ჟურნალისტმა დადებითად უპასუხა.

"დიახ. ეს ჩემზე გადაცემა არ არის, მაგრამ ან ამის მერე მოვყვები, ან არქივებში ვნახოთ, რის გამო გამომაგდეს. თქვენ რომ იჯექით "მაესტროში" ჩემს შემდეგ ეთერში, აი, "მაესტროს" დამფუძნებელი მე მთხოვდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა შემეცვალა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად", - თქვა ჟურნალისტმა.

ამის შემდეგ ლალიაშვილმა ჟიჟილაშვილს ჰკითხა, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას სახელისუფლებო ინტერესის შესაბამისად სთხოვდნენ თუ რუსული ინტერესის შესაბამისად. რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა:

"ერთმანეთთან თანხვედრაში იყო ეს ორი".

ნიკა ლალიაშვილი დაინტერესდა, თუ დამფუძნებელი სახელისუფლებო ინტერესს ატარებდა, რატომ დახურეს "მაესტრო". ნინო ჟიჟილაშვილმა მას ასე უპასუხა:

"იმიტომ რომ შემდეგ ინტერესი კონვერტირდა​ და ის საჭირო აღარ გახდა. როგორც წესი, როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა "მაესტროს" შემთხვევაშიც. თუმცა მე არ ვარ კარგი მოპასუხე... "მაესტროში" ექსპერტი ვარ ნიკა, და მოდი, ამაზე ნუ ვიდავებთ".

ცნობისთვის, ნინო ჟიჟილაშვილმა, რომელიც "მაესტროს" დირექტორის მოადგილე და "ცხრიანის" წამყვანი იყო, ტელეკომპანია 2014 წლის დეკემბერში დატოვა. ის თანამდებობიდან არხის დამფუძნებელმა კოტე გოგელიამ გაათავისუფლა. მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების ნაწილი.

როგორც ნინო ჟიჟილაშვილი მაშინ ამბობდა, კოტე გოგელიამ მას განუცხადა, რომ მაესტრო იდეოლოგიზებული და "პროქართული" უნდა გახდეს. ჟურნალისტის თქმით, "ცხრიანის" ნაცვლად ეთერში კოკა ყანდიაშვილის გადაცემა უნდა გასულიყო.

"იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასურველია გავატაროთ და აწი უნდა გაატაროს არხმა, სახელად ქვია პროქართული. რაც ჩემში იწვევდა ბევრ კითხვას, ვინაიდან ჩვენ ისედაც ვემსახურებოდით ყოველთვის საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად, რაღაც მიზანი, მსგავსი ტიპის, რასაც ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, შეიძლება ჩვენს არხს ისედაც ჰქონდა" - ამბობდა ჟიჟილაშვილი 2014 წლის დეკემბერში.

რამდენიმე თვით ადრე ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამაც. მისი თქმით, ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ, რომელიც ხელისუფლების პირობებში ნეპოტიზმის ფაქტებსა და ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა, გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე მას შეხვდა და უთხრა, რომ მისი გადაცემებით შესაძლოა, მაესტრო დაპირისპირებაში შეეყვანა ხელისუფლებასთან და პრობლემები შეექმნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის დეკემბერში "მაესტროს" მესაკუთრეთა რიგები დატოვა მამუკა ღლონტმა და თავისი წილი ტელეკომპანიის პირველ დამფუძნებლებს გადასცა უსასყიდლოდ.

2016 წლის 1 თებერვლიდან კი ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" გახდა. მან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან კომპანიის წილები იყიდა, რითაც მაესტროს 55 %-იანი წილის მფლობელი გახდა. რამდენიმე დღეში მან დირექტორის პოსტი თავის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა და თქვა, რომ ბაია გადაბაძე არხიდან რეიტინგის კლების გამო წავიდა. "უცნობმა" ასევე დაადასტურა, რომ მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

"პრემიერმინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხვდები", - განმარტა გია გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, შეხვედრისას მაესტროზე საუბარი არ ყოფილა.

მეწილეებს შორის სასამართლო დავის პარალელურად, ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

2016 წლის 31 მაისს "მესტროს" დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა სამსახურიდან გაათავისუფლა ბიზნესკონტაქტის ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე. იმავე დღეს, განცხადება გაავრცელეს გადაცემის თანამშრომლებმა და თქვეს, რომ ისაკაძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო. მათ პირდაპირ ეთერში მიმართეს ზურაბ ნაყეურს და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ბიზნესკონტაქტის," "საქმიანი დილისა" და "ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის" იდეის ავტორი გიორგი ისაკაძე არ აღდგება სამსახურში, ამ გადაცემის გუნდი კომპანიის დირექციას უტოვებს უფლებას, რომ ისინი სამსახურიდან გაუშვან. ამავე დღეს ისინი რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" იყვნენ სტუმრად, რის გამოც "მაესტროს"დირექტორმა უფლებამოსილება შეუჩერა.

მალევე, გიორგი ისაკაძემ და მისმა თანამშრომლებმა გადაცემები "ტვ პირველზე" აღადგინეს. ამ არხზე გადაინაცვლა "მაესტროს" იმ ჟურნალისტების ნაწილმაც, რომლებმაც ტელეკომპანია მანამდე დატოვა.

2017 წლის ივნისიდან კი "მაესტრომ" ლოგო შეცვალა და ტელეკომპანია "იმედის" სენობაში გადავიდა. ის ფაქტობრივად "იმედის" მფლობელი მედიაჰოლდინგის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" შემადგენლობაში შედის, რის შესახებაც მედიაჰოლდინგმა 2016 წლის 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება. "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" 28 დეკემბერს ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილიც იყიდა, ამავდროულად GDS-ზე დაიხურა საზოგადოებრივ/პოლიტიკური გადაცემა 20/30. მედიაჰოლდინგი მილიარდერ არკადი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის. 

კომენტარები