პოლიციელის დაჭრა

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილის ახლობლები ზუგდიდში აქციას მართავენ

humanrights.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოსთან ამ წუთებში  პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავას მშობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დაკავებული ეჭვმიტანილის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ, კახა გულორდავას არ მიესაჯოს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ სასამართლოს მიერ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ დააპატიმრონ.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დღეს დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში,  კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

“პატრულს საკუთარ მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა. პატრულის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია თუ ვინ სცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეს მისი მეჯვარეა. რაც შეეხება ვერსიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება პატრულის მიერ მისი მეგობრის საცოლის გაუპატიურებას. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება”, - თქვა გიორგობიანმა.

კომენტარები