პოლიციელის დაჭრა

მერაბიშვილი: უფრო საგანგაშო ფაქტია მოქალაქის მიერ მართლმსაჯულების აღსრულება

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.

”მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტს, როდესაც პოლიციის თანამშრომელი გახდა არაადამიანური წამების მსხვერპლი. მე მესმის, რომ ის ბრალდება[გაუპატიურების მცდელობა], რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის, საკმაოდ მძიმეა და დადასტურების შემთხვევაში, იგი აუცილებლად უნდა იქნეს უმკაცრესად დასჯილი. 

თუმცა, მიუხედავად იმისა დამნაშავეა თუ არა ეს კონკრეტული პოლიციელი, მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო საგანგაშო ფაქტია მოქალაქის მიერ მართლმსაჯულების აღსრულების საკუთარ ხელში აღება. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალის გამოყენების და სამართლის დაცვის ერთადერთი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფოს აქვს და ყველა სხვა მცდელობა წარმოადგენს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. რიგითი მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების საკუთარ თავზე აღება ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მათ უნდობლობას და გვაბრუნებს ჩვენ იმ ბნელ წარსულში, რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მოვახერხეთ.” - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ასევე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი.

”საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს. დაუშვებელია, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირებმა შურისძიებით, თვითნებურად სცადონ დამნაშავის დასჯა. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი.” - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას, სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები პირადი კონფლიქტის საფუძველზე მიაყენეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, ზუგდიდში, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

კომენტარები