NATO-საქართველოს ურთიერთობა

რასმუსენი მარგველაშვილს: ველოდებით თქვენს ჩამოსვლას NATO-ს სათავო ოფისში

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მილოცვის ტექსტს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებას, როგორც ახლადარჩეულ პრეზიდენტს და გამოვთქვამ მომავალში თქვენთან თანამშრომლობის სურვილს. არჩევნების შედეგად, საქართველომ კიდევ ერთხელ გააძლიერა დემოკრატიის საფუძვლები და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მან შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF-ის) ოპერაციაში. ნება მომეცით, კვლავ დაგარწმუნოთ, რომ ალიანსის მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს, როგორც ISAF-ში NATO-ს ყველაზე დიდი არაწევრი მონაწილის მიმართ. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის NATO-ს წევრობისაკენ და ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობთ NATO-საქართველოს კომისიასა და ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებში ქვეყანაში მომავალი რეფორმების განხორციელებისათვის. საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი უკანასკნელი წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის ლიდერი, წვლილს შეიტანთ ქვეყნის პროგრესში. მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთად განაგრძონ მუშაობა, რათა მიღწეულ იქნას ქვეყნის ამბიციური მიზნები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას თქვენს საპრეზიდენტო ვადაში. ველოდებით თქვენს ჩამოსვლას NATO-ს სათაო ოფისში", - ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები