გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ფანჯიკიძე: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე 30 ქვეყნის დელეგაციას ველოდებით

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ ჩამოვა აშშ-დან საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ფანჯიკიძის თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაღალი დონის სტუმარი იქნება. ფანჯიკიძის ინფორმაციითვე, ქართული მხარე 30 ქვეყნის დელეგაციას ელოდება. მათ შორის - ორი ან სამი ქვეყნის პრეზიდენტს. საქართველოში ჩამოვა მოლდოვiს პრეზიდენტი. ასევე, განიხილება ლიტვის პრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინაუგურაციაზე ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, მთავრობის წევრები, ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ასევე, ქართული მხარე ელოდება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ისრაელის პარლამენტის სპიკერს და ეუთოს გენმდივანს.

"რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და, შესაბამისად, მოსაწვევი რუსეთში არ გაგვიგზავნია", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ სტუმრების ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები