ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკი: საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული ბანკის მტკიცებით, საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. კურსის ცვალებადობა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ყოველთვის ფიქსირდებოდა - ადრეც იყო, მომავალშიც იქნება და ეს არის კურსის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ფუნქცია. ასეთი მერყეობა სხვა ქვეყნებშიც ყოველდღიურად ხდება, რაც მთავარია, ფინანსურ სტაბილურობას, არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოში საფრთხე არ ემუქრება და ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია კურსის შენარჩუნება ხელოვნური ჩარევით მოხდეს. არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა. მისი თქმით, "ხელოვნური ჩარევა არის ტექნიკურად გამორიცხული".

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უკვე ერთი კვირაა, ეროვნული ვალუტა ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 8 ოქტომბერს, ლარი დოლართან მიმართებით 0.0056-ით გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარი 1.6793 ლარი ღირს. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო ერთი კვირაა ეცემა. 29 ოქტომბერს 1 აშშ დოლარი 1.6675 ლარი ღირდა.

ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.2697 ლარს მიაღწია. 7 ოქტომბერს ევრო 2.2607 ლარი ღირდა.

ლარის კურსი 8 ნოემბერს ასევე დაეცა აზერბაიჯანულ მანათთან, რუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, სომხურ დრამთან და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებითაც.

კომენტარები