აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

ფულე: ევროკავშირის ამოცანაა, ვილნიუსის სამიტი შედეგის მომტანი იყოს

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკავშირმა ძირითად საერთაშორისო და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებს უმასპინძლა, რათა განეხილათ მოახლოებულ ვილნიუსის სამიტამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მათთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე თავმჯდომარეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ვებგვერდი ავრცელებს.

"შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორ ქვეყნასთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების დონე. შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ რეფორმების ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და კოორდინირების, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა. განხილულ საკითხთა შორის იყო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსების, მმართველობის ჰორიზონტალური საკითხები და ასევე ბიზნეს გარემოს საკითხები. ვილნიუსის სამიტის[დაგეგმილი 28-29 ნოემბერს] ფონზე ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოახდინეს თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებისთვის, კერძოდ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერება", - წერია განცხადებაში.

შტეფან ფულემ შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირის ამოცანაა, ვილნიუსის სამიტი შედეგის მომტანი იყოს.

"ამისთვის ჩვენ - ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა - უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მიდგომების კოორდინირება და ძალების გაერთიანება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა რეფორმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და ასევე გაგვეუმჯობესებინა ურთიერთკოორდინაცია და მომავალი გეგმების ფორმულირება მოგვეხდინა", - თქვა შტეფან ფულემ.

 

კომენტარები