კბილაშვილის გადადგომა

ზურაბიშვილი: კბილაშვილის ნაბიჯი ალბათ სწორია

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სამუშაოს თავი ღირსეულად გაართვა, თუმცა, მისი ერთწლიანი საქმიანობა  იდეალური არ იყო და ბევრი ნაკლი ჰქონდა. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კბილაშვილმა აირჩია სამართლებრივი გზა, მაგრამ ისე ვერ შეძლო რაღაცების კეთება, როგორც საჭირო იყო. ამასთან, რესპუბლიკური პარტიის წევრმა აღნიშნა, რომ კბილაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია გენერალური პროკურორობა.

"მოლოდინი გენერალური პროკურორის მიმართ იყო ბევრად მეტი, ვიდრე შეიძლებოდა იდეალურ სიტუაციაშიც განხორციელებულიყო. ისეთი სიტუაცია გამოვიდა, რომ ერთი მხრივ, უკმაყოფილოა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობა მაინც ლაპარაკობს პოლიტიკურ რეპრესიებზე. მე მიმაჩნია, რომ კბილაშვილმა, ასე თუ ისე, ამ ერთ წელიწადში საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს სამუშაოს. იდეალური არ იყო მისი მუშაობა, ბევრი ნაკლი ჰქონდა. ბაჩო ახალაიას საქმეზე იმდენჯერ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომ ამან საზოგადოებაში რეაქცია გამოიწვია. ფიქრობენ, რომ პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. ყველაზე მეტი პრეტენზია იყო კბილაშვილის უწყების მიმართ და ამ პრეტენზიებს ნაწილობრივ ახალი ხელმძღვანელობაც გაინაწილებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ კბილაშვილის ნაბიჯი ალბათ სწორია.

"სერიოზული პრეტენზიები იყო პროკურატურის მიმართ. ასევე, მე არ ვარ რეპრესიების მომხრე. არც იმის მომხრე ვარ, რომ კადრები ტოტალურად იქნას დაფერთხილი, მაგრამ ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქმე  ჩაბარდა იმავე გამომძიებელს, რომელმაც თავის დროზე ის დარღვევა ჩაიდინა. ადამიანს, როდესაც რაღაც გაკეთებული გაქვს და შენივე საქმეზე შენ ხარ პასუხისმგებელი, შენვე არ გამოიძიებ", - თქვა  პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები