ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს კოალიცია ქართული ოცნების რიგებში ორწლიანი საქმიანობისთვის მადლობას უხდის. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კბილაშვილი კარგი თანამებრძოლი იყო.
"ის იყო კარგი თანამებრძოლი უაღრესად მძიმე დროს, როცა ჩვენ ყველა ოპოზიციაში ვიყავით, ის შტაბშიც წყვეტდა ისეთ თემებს, რომელიც უაღრესად რთული გახდათ. ჩემი აზრით, მან ურთულეს დროში იმუშავა მთავარ პროკურორად და მინდა მადლობა ვუთხრა იმ ორწლიანი საქმიანობისთვის, რომელიც გასწია კოალიცია ქართული ოცნებისა და ჩვენი სამშობლოს სამსახურში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე შეცვლის.