ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, მომავალი წლისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კიდევ უფრო შემცირდება და 5 000 000 ლარით განისაზღვრება. ხადურის თქმით, ფონდში გათვალისწინებული 10 მილიონი ლარიდან 5 მილიონზე მეტი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ადმინისტრაციას მოახმარა.
"პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში უკვე აღარაფერი აღარ არის, ის ორი თვით ადრე ამოიწურა. პრეზიდენტმა 10 მილიონი ლარიდან 5 280 000 ლარი საკუთარ ადმინისტრაციის ხარჯებს მოახმარა, ნახევარი მილიონი ლარი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წახალისებას მოხმარდა და ა.შ. რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდს, 50 მილიონი ლარიდან დახარჯულია დაახლოებით 35 მილიონი ლარი. თანხების ძალიან დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას", - განაცხადა ხადურმა.
ხადური მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილ თანხასაც გამოხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე მიზნით, მათ შორის, გაზიფიცირებისთვის იქნა მიღებული.
"თანხები რამდენიმე მიმართულებით არის გამოყოფილი. მათ შორის არის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს გაზიფიკაციის პროცესს, არის თანხები, რომელიც უნდა მოხმარდეს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას", - თქვა ხადურმა.





