ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილებას ითხოვს

Reuters

ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენეს. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით, მერაბიშვილი მთავრობის ყოფილი წევრია და მის მიმართ დევნა მთავარ პროკურორს უნდა განეხორციელებინა, "ხოლო დღევანდელ პროცესზე მყოფი ბრალდების მხარის წარმომადგენლებიდან არცერთი არ არის მთავარი პროკურორი".

თავად ვანო მერაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მასზე პირად ანგარიშსწორებას ახორციელებენ, რის გამოც კარგი იქნება, თუ საქმეზე არსებული პროკურორები შეიცვლებიან. 

"ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ანგარიშსწორების გამო, არ უნდა გაუფუჭდეთ კარიერა ამ ახალგაზრდებს, წავიდნენ ისინი და კარგი იქნება, თუ მოვა ასაკოვანი პროკურორი, რომელიც დღე-დღეზე პენსიაზე გავა და სირცხვილისა და დანაშაულის განცდა არ ექნება", - თქვა მერაბიშვილმა.

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე სათათბიროდ გავიდა. 

2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, მერაბიშვილს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მერაბიშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები